ჩვენ ძალიან აქტიურად ვაწარმოებთ დღგ-ს დაბრუნებას, ფაქტიურად დავაბრუნეთ იმდენი, რამდენიც შარშან მთელი წლის განმავლობაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, შეთანხმების მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 2018-20 წლებში სახელმწიფო დააბრუნებს მილიარდნახევარ ლარზე მეტს მეწარმეებისთვის.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვაწარმოებთ დღგ-ს დაბრუნებას, ფაქტიურად დავაბრუნეთ იმდენი, რამდენიც შარშან მთელი წლის განმავლობაში. ჩვენი შეთანხმების მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 2018-20 წლებში ჩვენ დავაბრუნებთ მილიარდნახევარ ლარზე მეტს ჩვენი მეწარმეებისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან ძალიან დიდი მოცულობის თანხა იყო ამოღებული ქართველი მეწარმეებიდან, რომელიც ჩვენ ასევე მემკვიდრეობით გვერგო დღგ-ს სახით, რომელიც არ ბრუნდებოდა ძალიან ბევრი ბიუროკრატიული თუ სუბიექტური მიზეზის გამო. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გავხადოთ მაქსიმალურად ავტომატიზირებული, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ ინიცირებული რეფორმა, რომ გადასახადები დაბრუნდეს ავტომატურ რეჟიმში. თქვენ თუ ნახავთ ბოლო თვეების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ექსპორტში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა და ამისი ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი გახლავთ დღგ-ს დაბრუნება. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო თვის განმავლობაში მაგალითად 50%-იანი ზრდა დაგვიფიქსირდა მაშინ, როცა წინა თვეებში ეს იყო 28-30, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი მეწარმეები იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში, ასევე შიდა ბაზარზე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მეწარმეებს და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდება ისე, რომ ბიზნესმა იგრძნოს, რომ დღგ თავის ბუნებით არ შეიძლება იყოს ტვირთი მეწარმისთვის და ზოგადად, ის სტერეოტიპი, რაც შეიქმნა დღგ-სთან დაკავშირებით, ძალიან ნეგატიური საქართველოში, სწორედ ამას უკავშირდება, რომ დღგ-ს ახდევინებენ მეწარმეებს და შემდეგ უკან არავინ არ აძლევდა, აქედან გამომდინარე, ამან შეიძინა ძალიან ნეგატიური სტერეოტიპი და ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის შემცირება. ეს თანხები, რაც დაბრუნდება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჩვენი მეწარმეებისთვის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჩვენი საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ბოლო თვის ციფრები სწორედ ამის მაჩვენებელია, ისევე როგორც ხელს შეუწყობს შიდა ბაზარზე ჩვენი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას და შესაბამისად დასაქმების ზრდას“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.