მაკრონი: ევროზონის პირველი ბიუჯეტის მიღება 2021 წელს მოხერხდება

ევროზონის პირველი ბიუჯეტის მიღება 2021 წლისთვის მოხერხდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.„ევროზონის ბიუჯეტის მიღება შესაძლებელია 2021 წლისთვის. ამ იდეაზე ჩვენი ქვეყნები წლების განმავლობაში მუშაობდნენ“, - განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მან ნაადრევად მიიჩნია პირველი ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბარი. „ჩვენ ამაზე მოლაპარაკებების წარმოება მოგვიწევს დაგეგმილი დისკუსიების ფარგლებში და წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ მინისტრებს მიმდინარე წლის ბოლომდე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, ევროზონის ბიუჯეტის შექმნა მოემსახურება მეტად სუვერენული, ერთიანი და სოლიდარული ევროპის მშენებლობას. „ჩვენ გვინდა მეტი კოორდინაცია ევროპის დონეზე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, მიგრაციის საკითხებზე, ჩვენი საზღვრების დაცვის მიმართულებით და ფინანსურ საკითხებზე. ჩვენ ასევე გვჭირდება საბანკო კავშირის შექმნის მიმართულებით განვითარება“ - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ევროზონის პირველ ბიუჯეტზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ანგელა მერკელმაც, რომელიც მიესალმება აღნიშნულ იდეას და მხარს უჭერს ემანუელ მაკრონს პროექტის განხორციელებაში.

კოკა კვირკველია