სამინისტროების შერწყმის მოდელი კარგად გააზრებული უნდა იყოს, რომ სისტემამ მდგრადობა, სისწრაფე და ეფექტურობა არ დაკარგოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან კარგად უნდა გაანალიზდეს, გაერთიანება როგორ მოხდება, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. „ევროპულ ქვეყნებში სხვადასხვა მოდელია, როცა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მხოლოდ პენიტენციური დეპარტამენტია, ჯანდაცვის დეპარტამენტი ჯანდაცვის სამინისტროშია, პრობაცია ან სასამართლოს ქვეშაა ან საერთოდ დამოუკიდებელია. ყველაფერი კარგად უნდა გაანალიზდეს, რომ სისტემის კოლაფსი არ მივიღოთ. სანამ ეს სამინისტროები გაერთიანდება, დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობა მექნება, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ჩემი აზრი პრემიერ-მინისტრს წარვუდგინო. ერთი მხრივ, უხერხულიცაა, როცა ისეთი სახის სამინისტრო გვაქვს, რომელიც სხვა ქვეყნებში არ არსებობს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვგულისხმობ. ევროპულ ქვეყნებში ეს მოდელი არ არის, იქ იუსტიციის ქვეშაა, მაგრამ თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელია ისე, რომ ფაქტობრივად, იუსტიციის მინისტრი არც და ვერც ერევა დეპარტამენტების საქმიანობაში. პენიტენციური დეპარტამენტი ერთ-ერთი მსხვილი დეპარტამენტია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, სადაც გაერთიანებულია დაახლოებით ხუთი სამინისტროს ფუნქცია. თუ პენიტენციური დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროში გადავა, იუსტიციის სამინისტროს ფუნქცია ექნება. ჯანდაცვის დეპარტამენტში დაახლოებით 800-ზე მეტი ექიმი და 1000-ზე მეტი მედდა მუშაობს. ორი ავტონომიური საავადმყოფო არსებობს, რაც ჯანდაცვის კომპონენტია. ამავდროულად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ჯარისკაცებს იწვევს, დაახლოებით 2000 ადამიანამდე. ეს არის თავდაცვის კომპონენტი და ყაზარმული ცხოვრებაა. ასევე არის პრობაციის ეროვნული სააგენტო, რომელიც ზოგ ქვეყანაში სასამართლოს ქვეშაა და დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, ზოგ შემთხვევაში, "ენჯეოს" ტიპის ორგანიზაცია. ასევე არსებობს საბადრაგო სამსახური, სადაც პატიმრების გადაყვანა ხდება. ზოგ ქვეყანაში ამას საპატრულო პოლიცია ასრულებს და ასეთი სამსახური პენიტენციურ სისტემას საერთოდ არ აქვს. შერწყმის მოდელი კარგად გააზრებული უნდა იყოს იმისთვის, რომ სისტემამ მდგრადობა, სისწრაფე და ეფექტურობა არ დაკარგოს", - განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, ჯერ საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნდობა მოიპოვოს, რომ ყველა ის რეფორმა განახორციელოს, რითაც საზოგადოების წინაშე წარდგა.
„თუ იუსტიციის სამინისტროს შეურთდება, ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმ თვალსაზრისით, რომ სისტემამ ეფექტურობა არ დაკარგოს. მომხრე არ ვარ, რომ ერთი ნაწილი ერთ უწყებაში გავიდეს, მეორე სხვა უწყებაში, რადგან სისწრაფე დაიკარგება. თუ პატიმარს სამედიცინო სერვისი დასჭირდება, კომუნიკაცია რთული იქნება. ისეთი მოდელი უნდა შემუშავდეს, რომ სისტემაში პრობლემები არ შეიქმნას. 2012 წლიდან ამ სისტემაში სერიოზული რეფორმები ტარდება. ევროკომისრის სპეციალური წარმომადგენელის შეფასება მივიღეთ, რომ სისტემაში იმდენად ეფექტური რეფორმა განხორციელდა, რომ მზად არის ექსპორტისთვის. ისიც კი შემოგვთავაზეს, რომ გაერო-ს ასამბლეაზე გავიტანოთ. სისტემას არავინ ანგრევს, შესაძლებელია, ამ სისტემის კიდევ უფრო დახვეწა. ტექნიკურ გაყოფაზე, შეერთებასა და გაყოფაზე არავინ საუბრობს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმაც ამიტომ თქვა, რომ საჭიროა ფიქრი. მსჯელობა იქნება. სამინისტრო იმის საფუძველზე შეიქმნა, როცა 2008 წელს პროკურატურა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შევიდა, ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვა. არ შეიძლებოდა, რომ დევნაც და სასჯელის აღსრულებაც ერთი უწყების ქვეშ ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდა. დღეს, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პროკურატურა დამოუკიდებელი იქნება და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ აღარ იქნება, ამ სისტემის იუსტიციის სამინისტროში დაბრუნება სავსებით ლოგიკურია, მაგრამ კარგად უნდა იყოს გაანალიზებული. კერძოდ, იქნება თუ არა გაერთიანებული ბიუჯეტი. იუსტიციას ექნება ავტონომიური ბიუჯეტი ცალკე და ცალკე პენიტენციურ დეპარტამენტს? ასევე, ვინ დანიშნავს ოპერატიულ თანამშრომელს და რიგით შემადგენლობას? პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი დანიშნავს თუ იუსტიციის მინისტრი და ა.შ. მე სად ვიქნები, ამას მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა კახიშვილმა.