სომხეთში მანქანების იმპორტზე, შესაძლოა, შეღავათი დაწესდეს

ქართველ ავტოდილერებს ასეთი ინფორმაცია სარწმუნოდ არ მიაჩნიათ...სომხეთში ავტომობილების იმპორტისთვის შეღავათის დაწესებაზე მსჯელობენ. სომეხი პოლიტოლოგებისა და ავტოიმპორტიორების უმეტესობა ვარაუდობს, რომ გარკვეული ტიპის საქონელზე შეღავათის რეჟიმის ამოქმედება მოუწევთ. ასეთი, პირველ რიგში, საავტომობილო ბიზნესია, სადაც სომხეთი წინანდელი საბაჟო ტარიფის შენარჩუნებას შეეცდება.

ეს მთავარი ფაქტორია, რის გამოც სომეხი იმპორტიორები არ ჩქარობენ და საქართველოში ავტომობილების ერთბაშად შესყიდვისგან თავს იკავებენ.

ცნობილი სომეხი პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი ”რეზონანსთან” საუბრისას იმედოვნებს, რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის შემდეგ გარკვეულ საქონელზე გამონაკლისი მოხდება, რადგან დაძაბული სოციალური ფონის მოსახსნელად ძალიან რთულია იმპორტზე იგივე ბაჟის დაწესება, რასაც რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი იყენებენ.

მინასიანი ფიქრობს, რომ წინანდელი საბაჟო ტარიფის შენარჩუნება რაღაც პერიოდში შესაძლებელი იქნება და საქართველოდან სომხეთში მეორადი მანქანების შეყვანა გაგრძელდება.

ქართველი ავტოექსპორტიორები და დილერები კი სომხეთისგან რაიმე სახის შეღავათის დაწესებას ნაკლებად მოელიან. ისინი ფიქრობენ, რომ ავტომობილების რეექსპორტისთვის სომხეთის ბაზარი ისევე დაიხურება, როგორც ყაზახეთის შემთხვევაში მოხდა და ეს პროცესი ავტოიმპორტიორებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების ფასი სომხეთში თითქმის ოთხჯერ გაიზრდება, შესაბამისად, შემცირდება რეექსპორტიც.

ავტოექსპერტ შალვა ოგბაიძის ინფორმაციით, სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანება საქართველოში ავტომობილების რეექსპორტს კატასტროფულად შეამცირებს, რისი ნიშნებიც უკვე შეიმჩნევა. მისი თქმით, ავტოდილერებისთვის მალე სომხეთის ბაზარიც მიუწვდომელი გახდება.

”შარშან საქართველოდან აზერბაიჯანში 24 000 ავტომობილი გაიყიდა, ხოლო სომხეთის მიმართულებით 17 000 ავტომობილი გაიგზავნა. მარტო აპრილში აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტმა 70%-ით იკლო. დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება. 2009 წელს ყაზახეთში 20 000 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, მაგრამ ყოველ მომდევნო წელს ეს ციფრი მკვეთრად მცირდებოდა და ბოლოს მანქანების შეყვანა საერთოდ შეწყდა.

იგივე მოხდება სომხეთის ბაზარზეც, როგორც კი ის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება. მესმის, რომ სომხურ პოლიტიკურ წრეებში საქართველოსთან ეკონომიკური კავშირის შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ საქმე რეალურად სხვანაირადაა. ევრაზიული კავშირი არ არის მხოლოდ სომხეთი და კავშირში მყოფი სხვა ქვეყნები, მით უმეტეს რუსეთი. მას არ მისცემენ უფლებას, ქართველი გადამზიდავების სასარგებლოდ შეღავათი დაუშვან. ძალიან მინდა, ვცდებოდე, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის”, - ამბობს შალვა ოგბაიძე.

მისი ინფორმაციით, საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების ფასი სომხეთში გაოთხმაგდება. ”სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების ფასი კატასტროფულად მოიმატებს. მაგალითისთვის, საშუალო ასაკის ”მერსედესის” ფირმის ავტომობილი, რომლის განბაჟება ამ ეტაპზე 3000 დოლარი ღირს, მომავალში 14 000 დოლარამდე გაძვირდება. ეს ნიშნავს, რომ სომხეთში ავტომობილების რეექსპორტი არ განხორციელდება და საქართველოსთვის ამ ქვეყნის საავტომობილო ბაზარი დაიხურება”, - დასძენს ექსპერტი.

საქართველოში ავტომობილების რეექსპორტში მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობენ არასამთავრობოთა კოალიცია ”საზოგადოებრივ ინიციატივაშიც”. კოალიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქართველოში ავტომობილების რეექსპორტს დიდი პრობლემა შეექმნება.

”რამდენიმე წელია ავტომობილების რეექსპორტი საქართველოს ბიუჯეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. მარტო შარშან საქართველოდან ექსპორტზე ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების მანქანა გავიდა. საქართველო ავტომობილების რეექსპორტის კუთხით ერთგვარ ჰაბადაც კი ჩამოყალიბდა რეგიონში. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ქვეყანაში გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და დაბალი საგადასახადო ტარიფებით.

ვფიქრობ, ჩვენი დილერები სერიოზული კრიზისის წინაშე არიან. ამ ინდუსტრიაში დასაქმებულია 20 ათასამდე ადამიანი, მათ უკან კი ოჯახები დგას. ექსპორტიორებს დარჩებათ მხოლოდ აზერბაიჯანის ბაზარი და ისიც მკაცრი შეზღუდვებით”, - ამბობს ვასო ურუშაძე, ”საზოგადოებრივი ინიციატივის” წარმომადგენელი.

ქართველი ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, სომხეთმა საქართველოდან ავტომობილების იმპორტი მინიმუმამდე შეამცირა. ბოლო პერიოდში სომხეთზე მოდის ჩვენი ქვეყნიდან რეექსპორტირებული ავტომობილების მხოლოდ 7%, რაც ერთობ დაბალი მაჩვენებელია.

დილერების თქმით, სომეხ იმპორტიორებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ევრაზიული კავშირში გაწევრიანების შემდეგ ავტომობილებზე შეღავათი დაწესდება და პროცესებს საგულდაგულოდ აკვირდებიან.

”საქართველოს ბაზარზე სომეხი იმპორტიორები ამ ეტაპზეც მუშაობენ. რადიკალურად სხვა ვითარება იყო ყაზახეთში. ყაზახ იმპორტიორებს სურდათ მოესწროთ და ამიტომ ერთბაშად გააქტიურდნენ. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამდე, 1 თვეში მარტო რუსთავის ავტობაზრიდან ავტომობილების 30% ყაზახეთში წავიდა.

სიმართლე გითხრათ, სომხებისგანაც იგივეს ველოდით, მაგრამ შევცდით. ისინი მეტისმეტად ფრთხილობენ და ჯერ კიდევ აქვთ მოლოდინი, რომ ეს ქვეყანა შეღავათს დააწესებს, რასაც ჩვენ გამოვრიცხავთ. ვფიქრობთ, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ სომხეთში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შეწყდება. საეჭვოა, განბაჟების თანხის გაოთხმაგება ქართველი იმპორტიორებისთვის სხვა შედეგით დასრულდეს”, - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე, კომპანია ”რობანი მოტორსის” დამფუძნებელი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Possible exemptions on car import in Armenia