მსოფლიოს მილიონერების საერთო ქონება 2017 წლის განმავლობაში 10,6%-ით გაიზარდა და 70 ტრილიონი დოლარს გადააჭარბა.როგორც World Wealth Report-ის ყოველწლიურ კვლევაში წერია, გასული წელს შეძლებული ადამიანების რიცხვი 1,6 მილიონით გაიზარდა და მათი სამი მეოთხედი ჩრდილოეთ ამერიკაზე და აზია წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის.
ორგანიზაციის კვლევიდან ირკვევა, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლის ქონებაც 1 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება, ჩრდილოეთ ამერიკაში 5,66 მილიონ ადამიანს შეადგენს, ევროპაში - 4,83 მილიონს, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - 6,18 მილიონს, ახლო აღმოსავლეთში - 660 ათასს, ლათინურ ამერიკაში - 600 ათასს, აფრიკაში - 170 ათასს. ამასთან, აშშ-ში, გერმანიაში, ჩინეთსა და იაპონიაში 2017 წლის ბოლოსთვის მსოფლიო მილიონერების 61,2% ცხოვრობს.
მილიონერების ქონება გასული წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველა რეგიონში გაიზარდა, მაქსიმალური ზრდა დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 14,8%-ით, ჩრდილოეთ ამერიკაში - 10,3%-ით. ამასთან, აზიელი მდიდრების ქონება შეფასებულია 21,59 ტრილიონ დოლარად, ჩრდილო ამერიკელების - 19,79 ტრილიონად, ევროპელების კი 15,85 ტრილიონ დოლარად.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მილიონერების ქონების მესამედი აქციებში ინახება, ცოტა ნაკლები 27,2% - ფულად სახსრებში, ხოლო უძრავ ქონებაზე მოდის 16,8%. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით მდიდარი ადამიანების შემოსავლები უკვე 2025 წლისთვის 100 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, ეს კი სამჯერ მეტია, ვიდრე 2006 წლის მონაცემი.
World Wealth Report მსოფლიოს 71 ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა, რომელთა წილი მსოფლიო შემოსავლებში 98%-ს შეადგენს.
კოკა კვირკველია