"ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის 6 წლის მანძილზე რამდენიმე სამთავრობო ცვლილება განახორციელა.ერთ-ერთი ბოლო ცვლილება ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია - პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, 20 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ახალ მთავრობას გამოუცხადებენ ნდობას, ხოლო, უახლოეს სამ კვირაში პარლამენტს წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.
საინტერესოა გავიხსენოთ, რა ბედი ეწიათ "ოცნების" მთავრობის ყოფილ მინისტრებს თუ დეპუტატებს და ვინ რომელ უწყებაში გადანაწილდა თანამდებობრივი ცვლილებების შემდეგ.
ნოდარ ხადური
ფინანსთა ყოფილი მინისტრი „ოცნების“ მთავრობის მეორედ არჩევის შემდეგ, ახალ მინისტრთა კაბინეტში ვეღარ მოხვდა - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ხადური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაანაცვლა.
თუმცა, ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, მალევე დაინიშნა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ და 2016 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს ამ უწყებას. მისი ამჟამინდელი საქმიანობიდან გამომდინარე, ხადური მონაწილეობას იღებს ეკონომიკურ ფორუმებში და კონფერენციებში, მასპინძლობს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ა.შ.
ვიქტორ დოლიძე
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, 2017 წელს განხოციელებული სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვდა, ისევე როგორც მისმა უწყებამ, რომელსაც ის 1 წელი ხელმძღვანელობდა, არსებობა შეწყვიტა და რესტრუქტურიზაციის შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტად ჩამოყალიბდა.
მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშნა. ყოფილი მინისტრი მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მუშაობას 2018 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.