თბილისის მაღაზიებში ზოგიერთი დასახელების პური გაძვირდა.გაძვირებას უარყოფენ კომპანიები, თუმცა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, თვითნებურად გაძვირებულ პროდუქციას უკვე რამდენიმე დღეა, ყიდულობს დედაქალაქის მოსახლეობა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მეპურეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მაღაზიების მეპატრონეები და დისტრიბუტორები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიასაც აზარალებს და მოსახლეობის ბიუჯეტზეც უარყოფითად მოქმედებს.
უკვე რამდენიმე დღეა, დიდუბესა და დიღმის მასივში მოსახლეობას ზოგიერთი დასახელების პური გაუძვირდა. მაგალითად, „იფქლის" მიერ წარმოებული 60-თეთრიანი „ბატონი" ბევრგან 70 თეთრად იყიდება.
პურის გაძვირებას უარყოფენ თავად კომპანიაში. „რეზონანსს" „იფქლში" განუცხადეს, რომ მაღაზიები თვითნებურად აძვირებენ პოდუქტს, რაც ნეგატიურად მოქმედებს მთლიანად ბაზარზე. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ფქვილიც კი არ გაძვირებულია ბოლო პერიოდში, რაც გამორიცხავს მათი მხრიდან პურპროდუქტზე ფასის მატებას.
„ჩვენ 60, 70 და 80-თეთრიანი პური გვაქვს რეალიზაციაში. 70-თეთრიანი ახლახან გამოვუშვით და არ არის გამორიცხული, ამით ისარგებლეს სავაჭრო ობიექტებმა. მაღაზიებმა 60-თეთრიანი პურიც თავისი შეხედულებით გააძვირეს და 70 თეთრად ყიდიან ზედმეტი მოგების მიღების მიზნით. ეს არის სავაჭრო ობიექტის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არა – კომპანიის მიერ დადგენილი ფასი.
ჩვენ მივეცით მომხმარებლებს არჩევანის უფლება, რომ მყიდველს შეუძლია, 60-თეთრიანი პური იყიდოს ან 70-თეთრიანი, ან - 80-იანი. აუცილებლად მოვთხოვთ იმ სავაჭრო ობიექტებს პასუხს, რომლებიც საკუთარი შეხედულებით აძვირებენ პროდუქტს, თანაც ისე, რომ ჩვენ არც კი ვიცით ამის შესახებ. მომხმარებელს ჰგონია, რომ ჩვენ ვუმატებთ ფასს.
ფქვილიც არ გაძვირებულა ბოლო პერიოდში, რომელიც რუსეთიდან შემოდის და საკმაოდ კარგი ხარისხია. ყველაზე მეტად როდესაც იყო ფქვილის ფასი მომატებული და 42 ლარს მიაღწია 1 ტომარის ღირებულებამ, მაშინაც კი არ გაგვიძვირებია და ახლა ეს გამორიცხულია.
რაც შეეხება ახალი შეფუთვის პურს. მომხმარებელი გვირეკავდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა 60-თეთრიანი პურის წონით, მისი გაზრდა მარტივი არ იყო იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ ახალი პროდუქტის გამოშვება, მისი წონა 50 გრამით მეტია, ფასი ცოტათი მაღალია და მომხმარებელსაც დავუტოვეთ არჩევანი, რომელიც უნდა, ის შეიძინოს", - განუცხადეს „რეზონანსს" „იფქლში".
მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძეც დისტრიბუციისა და მაღაზიების არაკეთილსინდისიერებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, როცა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით სავაჭრო ობიექტები თვითნებურად მოქმედებენ. ეს ნეგატიურ ტენდენციას ამკვიდრებს ბაზარზე.
„დისტრიბუცია და მაღაზიები ძალიან ცუდად იქცევიან ხშირ შემთხვევაში. მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა - არ გამიძვირებია ჩემი პროდუქტი, თუმცა სავაჭრო ობიექტებმა ფასი მოუმატეს. ალბათ, „იფქლის" შემთხვევაშიც იგივე გამეორდა, რაც საერთოდ არ გამიკვირდება. ახალი პური აქვს „იფქლს" -M 70-თეთრიანი. როგორც მე ვიცი, მაღაზია ორივე ნაწარმს იღებს (60 და 70-თეთრიანს) და ორივეს ერთ ფასში ყიდის, ზედმეტი მოგების მიზნით, არადა, მათი წონაც და თვითღირებულებაც სხვადასხვაა.
ასეთი ფაქტებით, რასაკვირველია, ჩვენი იმიჯიც ილახება. მომხმარებელს ვერ დააჯერებ, რომ ფასს პურის ქარხნები არ უმატებენ.
იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ კვების პროდუქტებზე ყველა ცივილურ ქვეყანაში 10%-ის ფარგლებშია გადასახადი, ჩვენთან საკმაოდ მაღალია. აზერბაიჯანმა დღგ საერთოდ მოხსნა, როდესაც ეკონმიკური ვარდნა იყო, საქართველოში ეს საკითხი არც კი განუხილავთ. პური არის პირველადი მოხმარების პროდუქტი და ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ფასი არ გაიზარდოს", - განუცხადა „რეზონანსს" დოლიძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი „რეზონანსი"