მართლაც წარმოუდგენელია მილიონ-ნახევრიან დედაქალაქში ათწლეულობით იყოს მშენებლობები შეჩერებული, - ამის შესახებ "მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.როსტომაშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც შეჩერებული მშენებლობების პრობლემის მოგვარებას უკავშირდება.
"მართლაც წარმოუდგენელია მილიონ-ნახევრიან დედაქალაქში ათწლეულობით იყოს მშენებლობები შეჩერებული. პირველ რიგში, ცუდია შეჩერებული საბინაო მშენებლობა, რომლის გამოც ათასობით და ათიათასობით მოქალაქე ელოდება ბინებს. რაღაცნაირად ამას საშველი უნდა დაადგეს. იქნება ეს განაშენიანების ოპტიმიზაცია თუ ფინანსური დახმარება. ჩემთვის მისასალმებელია, რომ ამ თემაზე მსჯელობა იწყება და ეს ინიციატივა არჩეული მერიდან მოდის,"- განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე აუცილებელია შეჩერებული მშენებლობების ნაწილის დემონტაჟი იმის გამო, რომ ისინი უსაფრთხო აღარ არის. როგორც როსტომაშვილმა აღნიშნა, მიტოვებული მშენებლობები ე.წ. "ბომჟებისა" და ნარკომანების თავშესაფრად არის ქცეული.
"მგონია, რომ რამდენიმე ობიექტის დემონტაჟი უნდა მოხდეს იმიტომ, რომ თავის დროზე კონსერვაციის რეჟიმი არ იყო დაცული და ახლა ის უკვე უსაფრთხო აღარ არის.
არ გინახავთ, რომ შეჩერებულ მშენებლობებში ე.წ. "ბომჟები" ცხოვრობენ? ეს არის გაურკვეველი ადამიანების - ლოთების, ნარკომანების და ა.შ. თავშესაფარი. ესეც იმ სამშენებლო და მიწის მფლობელის პასუხისმგებლობაა, რომ ეს ტერიტორია არ იყოს გაურკვეველი ადგილი, რომელიც ტუალეტად არის ქცეული და სადაც ნაგავი და შპრიცები იყრება.
შეჩერებული მშენებლობების პრობლემების მოგვარება 1-2 თვეში მოლაპარაკებებისა და ურთიერთობის საფუძველზე შესაძლებელია",- განაცხადა როსტომაშვილმა.