სადახლოსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

სადახლოსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,ბათუმის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საუდის არაბეთის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის, დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობის მედიკამენტები ლირიკა (LYRYCA 300 მგ-იანი - 9 აბი), ფლუტაბი (FLUTAB pseudoephedrine HCI -30 mg -2 აბი), დიაზეპამი (DIAZEPAM-RATIOPHARM– 5 mg – 7 აბი), ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობის მედიკამენტები: ტრამალი (TRAMAL tramadol HCI-50 mg - 8 აბი), ვერმო (VERMO morphine Sulphate – 30 mg – 2 აბი), სოლფადეინი (SOLPHADEINE codeine phosphate – 8 mg – 6 აბი), პროდეინი (PRODEIN 30/500 codeine phosphate – 30 mg – 10 აბი) და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა 1,5 გრამი აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, მექსიკის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობის მედიკამენტი ოქსიკოდონი (OXYCODONE HCL 30 აბი) აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.