ქართული რესტორნები, შესაძლოა, ცოცხალი მუსიკის დაკვრისთვის ლიცენზირებას დაექვემდებარონ, - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.როგორც გვარჯალაძე ამბობს, ქალაქის ისტორიულ უბნებში არის რამდენიმე კერა, სადაც მოსახლეობას, ამავდროულად, მცირე სასტუმროებს და ჰოსტელებს ხმაურის გამო სერიოზული პრობლემები ექმნება.
„1-ელი ივლისიდან ხმაურის მონიტორინგი ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებში გადადის. გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები ხმაურთან დაკავშირებით, რადგან აკუსტიკური დანაგვიანების თემა თან სდევს ღამის ეკონომიკას ყველა ქვეყანაში. დაახლოებით, ერთი თვის წინ აკუსტიკის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო თბილისში ჩამოსული, მასთან ერთად დავაკვირდით კრიტიკულ ადგილებს სამი ღამის განმავლობაში. პირველი რეკომენდაციაა, რომ რესტორნებმა მუსიკის ხმას უნდა ჩაუწიონ, ხმამაღალი მუსიკა აფრთხობს კლიენტებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. არის ადგილები, ღია კაფეები, სადაც ერთგან უკრავს დიჯეი, მეორეგან ცოცხალი მუსიკა.
ქალაქის ისტორიულ უბნებში გვაქვს რამდენიმე კერა, სადაც მოსახლეობას, ამავდროულად, მცირე სასტუმროებს და ჰოსტელებს ექმნება სერიოზული პრობლემები. არსებობს საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უნდა რეგულირდებოდეს. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში არსებობს ცოცხალი მუსიკის ლიცენზია ანუ ყველა რესტორანი ვერ იღებს ამ ლიცენზიას თუ სათავსო აკუსტიკურად შესაბამისად იზოლირებული არ არის“, - განაცხადა გვარჯალაძემ.