მაისში კომერციული ბანკების მოგება 11.6 მლნ ლარით გაიზარდა

2018 წლის მაისის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,581 მილიონი ლარით გაიზარდა.კერძოდ, მაისში ბანკების წმინდა მოგებამ 68,269 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის მაისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 56,688 მილიონი ლარი იყო. მთლიანად, 2018 წლის 5 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 362,466 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან, მიმდინარე წლის მაისში, ბანკების შემოსავლებმა 348,866 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 260,160 მილიონი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2018 წლის მაისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,854 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 18,321 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 33,724 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში ბანკებმა 12,245 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს. ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.