OPEC-ის სხდომის წინ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად იმის თაობაზე, რომ ირანი თანახმაა, გაზარდოს დღიური მოპოვება და ბაზარზე მიწოდება, ნავთობზე ფასმა შემცირება დაიწყო.თუმცა კლება შეზღუდა იმ ფაქტმა, რომ აშშ-ში საწვავზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 41 ცენტით, ანუ 0.55 პროცენტით, 74.33 დოლარამდე დაეცა. აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი კი 21 ცენტით (0.3 პროცენტით), 65.50 დოლარამდე შემცირდა.
ირანმა, რომელიც OPEC-ში ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, ოთხშაბათს მიანიშნა, რომ თანახმა იქნება, თუ ორგანიზაცია მიწოდების მცირედით გაზრდას მოისურვებს. ხვალ ორგანიზაცია და მისი არაწევრი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეკვეცის შეთანხმების შეცვლას ითვალისწინებს.
საბროკერო კომპანია „ოანდა-ს“ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სინგაპურის ოფისის შეფი სტივენ აინესი ვარაუდობს, რომ OPEC-ი და მისი არაწევრი ექსპორტიორები, მიწოდების შეზღუდვის ეტაპობრივ შემცირებაზე მოილაპარაკებენ. შეზღუდვას კი სრულად მომავალ წელს მოხსნიან.
თეირანი თავიდან შეზღუდვის მოცულობის შემცირებაზე უარს ამბობდა, თუმცა როგორც ჩანს, საუდის არაბეთთან კონსულტაციების შემდეგ, წინააღმდეგობა შეწყვიტა. მაგრამ ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ OPEC-ის ვენის სხდომა არ იქნება ჰარმონიული.
რაც შეეხება ამერიკაში საწვავის მოხმარების ზრდას, ეს ტურისტულ სეზონს უკავშირდება. ამის გამო, ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა დღიური წარმოება 17.7 მილიონ ბარელამდე გაზარდეს. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის ინფორმაციით, მარტო 4 ივლისის არდადეგებზე, 46.9 მილიონი ამერიკელი ავტომობილით იმოგზაურებს. ეს აშშ-ში საწვავზე მოთხოვნის ზრდის მთავარი მიზეზია.