Tesla 9 შტატში ბიზნესს ხურავს

Tesla ამერიკის 9 შტატში საკუთარი ბიზნესის ნაწილს ეტაპობრივად დახურავს. საუბარია კომპანიის მზის ელემენტების წარმოების ბიზნესზე. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.ცოტა ხნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია, რომლის მთავარი პროფილი ელექტრომობილების წარმოებაა, სამსახურიდან საკუთარი თანამშრომლების 9 პროცენტს დაითხოვდა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ავტომატურად გავლენა იქონია მზის ელემენტების წარმოება-მონტაჟის ბიზნესის მიმართულებაზე. ჯერ კიდევ 2016 წელს Tesla-მ დახურა შეთანხმება ენერგეტიკული კომპანია SolarCity-ის 2,6 მილიარდ დოლარად შეძენაზე. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კომპანია დაიწყებდა ენერგოშემნახველი ელემენტებისა და მზის ელემენტების წარმოებას სახლებისთვის.

სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის გეგმაშია ამჟამად მოქმედი 60 ფილიალიდან ათზე მეტის წარმომადგენლობის ეტაპობრივი დახურვა ამერიკის 9 შტატში, მათ შორის კალიფორნიაში, ნიუ-იორკში, ტექსასში და არიზონაში. გარდა ამისა, კომპანია აპირებს კონტრაქტის გაუქმებას სამშენებლო კომპანია Home Depot-თან, საიდანაც ხდება მისი პროდუქციის რეალიზება. ამის შემდეგ კი ის საკუთარ პროდუქციას ან ინტერნეტის საშუალებით გაყიდის ან საკუთარ წარმომადგენლობებში.

როგორც ცნობილია, Tesla-მ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით დაკარგა 710 მილიონი დოლარი.

კომპანია Tesla 2003 წელს ილონ მასკმა დააარსა. მისი სათავო ოფისი მდებარეობს პალო-ალტოში, კალიფორნიაში.

კოკა კვირკველია