გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განხორციელებული შემოწირულობის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.„ჩვენ არასამთავრობო სექტორმა მოგვმართა. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხს შევისწავლით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ პასუხს. არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. ჩვენ მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
როგორც პარლამენტში მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მას 2012 წლის აგვისტოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირადი თანხებით არ დაუფინანსებია და ადგილი ჰქონდა მისი საბანკო ანგარიშის ტექნიკურად გამოყენებას.