სოციალურ მომსახურების სააგენტო თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით ისევ აგრძელებს მოქალაქეების დასაქმების ხელშემწყობი ფორუმების ორგანიზებას.მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჩართულობით ორგანიზებული დასაქმების ფორუმები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დამსაქმებლისა და სამსახურის მაძიებელის კომუნიკაციის კარგად აპრობირებული და ეფექტური მეთოდია.
დღეს, „თბილისი არტ ჰოლმა“ თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.
ფორუმზე 15-მდე კომპანიამ სამუშაოს მაძიებლებისათვის 1500-მდე აქტიური ვაკანსია წარმოადგინა. თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან მოგვაწოდეს, ასევე, ფორუმზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახელოსნო სპეციალობების ვაკანსიები.
აღნიშნული ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს რეალური დამსაქმებლების და სამსახურის მაძიებლის ორგანიზებულ შეხვედრას და დაკავშირებას. ღონისძიებაზე დამსაქმებელი იღებს ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული კადრების შესახებ, ხოლო სამუშაოს მაძიებელი ეცნობა, თუ რა ტიპის კვალიფიკაციის კადრებზეა მოთხოვნა. მსგავს ფორუმებზე სამუშაოს მაძიებელს საკუთარი უნარების მოსინჯვის საშუალება ეძლევა, ასევე მას აქვს არჩევანი, საჭიროების მიხედვით, ჩაერთოს მომზადება-გადამზადების, ან სტაჟირების პროგრამებში.
ნაძალადევის ფორუმის გახსნაში მონაწილეობდნენ: სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარი დავით ჭელიძე და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. სამუშაოს მაძიებლებს მიეწოდათ ინფორმაცია სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ. ისაუბრეს, როგორც მომზადება-გადამზადების, სტაჟირების ასევე სუბსიდირების პროგრამების ირგვლივ.
მოცემული დასაქმების ფორუმი ერთდღიანია, თუმცა მოქალაქების დიდი ინტერესის დასაკმაყოფილებლად წინსწრებით მოგაწვდით ინფორმაციას, რომ მომავალი ფორუმი უკვე დაიგეგმა და უახლოეს მომავალში ვაკის რაიონში ჩატარდება.