Volvo ამერიკაში პირველ ქარხანას ხსნის

შვედურმა პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Volvo, რომლის მფლობელი არის ჩინური კომპანია Geely, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი პირველი საწარმო გახსნა.როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სამხრეთ კაროლინას შტატის ქალაქ ჩარლსტონში მდებარე ქარხანაში კომპანიამ 1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ადგილზე 4 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.

როგორც მოსალოდნელია ქარხანა პირველ ეტაპზე სედან Volvo S60-ის წარმოებას დაიწყებს, ხოლო პირველი ავტომობილი შემოდგომაზე გამოვა. უკვე 2021 წლიდან კი კომპანია ამ ქარხანაში ქროსოვერ XC90-ის წარმოებასაც გეგმავს. აქ გამოშვებული ავტომობილები ამერიკის ბაზარზე გაიყიდება და მისი წლიური წარმადობა 150 ათასი ერთეული იქნება.

ჩინურმა Geely-იმ Volvo 2010 წელს შეიძინა. თავად შვედური კომპანია კი 1927 წელს დაარსდა და ავტომობილებს მსოფლიოს 100 ქვეყანაში ყიდის. 2017 წელს კომპანიამ 571,58 ავტომობილი გაყიდა, რაც 7%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. კომპანიის საოპერაციო მოგებამ 1,58 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლებმა 24 მილიარდი დოლარი.

კოკა კვირკველია