Mercedes-Benz-ი გაყიდვების შემცირებას პროგნოზირებს

Mercedes-ის მწარმოებელმა კომპანია Daimler-მა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო უთანხმოების გამო გაყიდვების შემცირება დააანონსა.კომპანია ამერიკიდან ჩინეთში იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადის დაწესების გამო 2018 წლისთვის ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე გაყიდვების შემცირებას პროგნოზირებს.

როგორც ცნობილია, ამერიკის მხრიდან რკინასა და ალუმინზე დაწესებული გაზრდილი გადასახადის გამო 6 ივლისიდან ძალაში შედის ჩინეთის საპასუხო ზომები, რომელიც ითვალისწინებს 25%-იან ზრდას ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე. კომპანია ხაზს უსვამს, რომ ავტომობილების გაყიდვების შემცირებას გამოიწვევს Mercedes-Benz-ის კროსოვერების გაყიდვების კლება. კომპანიის განცხადებით, გაზრდილ გადასახადს კომპანია მთლიანად მყიდველს ვერ დააკისრებს.

გაყიდვების შემცირების დამატებით ფაქტორებად კომპანია ასახელებს ევროპაში უკვე მომავალი წლიდან ასამოქმედებელ ახალ სტანდარტებს საავტომობილო გამონაბოლქვზე - WLTP, ასევე ნეგატიურ გავლენას იქონიებს Mercedes-Benz Vans-ის განყოფილებაზე დიზელისძრავიანი ავტომობილების უკან გაწვევა და ლათინურ ამერიკაში კომპანიის მიერ წარმოებულ ავტობუსებზე მოთხოვნის შემცირება.

საერთო ჯამში, Daimler-ი სამგზავრო ავტომობილების განყოფილებაში შემოსავლების მცირედით კლებას, Mercedes-Benz Vans-ში მნიშვნელოვან კლებას, Daimler Buses-ში კი 2017 წლის დონის შენარჩუნებას პროგნოზირებენ. საერთო ჯამში, Daimler Group 2017 წლის მაჩვენებლების კლებას პროგნოზირებს.

როგორც ცნობილია, გერმანული ავტომწარმოებლები - Daimler, BMW დაVolkswagen - ამერიკის ტერიტორიაზე 4 ქარხანას ფლობენ, სადაც დაახლოებით 36,5 ათასი ადამიანია დასაქმებული. გასული წლის განმავლობაში კომპანიებმა ამ ქარხნებში 804,2 ათასი ავტომობილი აწარმოეს, საიდანაც ნახევარზე ნაკლები ამერიკაში გაიყიდა, დანარჩენის ექსპორტირება კი მოხდა კანადაში, მექსიკაში, ევროპაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.

კოკა კვირკველია