Elsamex Group საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაინტერესდა

"Elsamex Group" საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაინტერესდა.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, დღეს მინისტრის მოადგილე, გიორგი ამაშუკელი "Elsamex Group"-ის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

"Elsamex Group" საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაინტერესდა. უმსხვილესი ინდური სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ახორციელებს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. ამ კომპანიის წლიური ბრუნვა ჯამში 40 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. "Elsamex Group" ამჟამად ამიერკავკასიაში გაფართოებასაც გეგმავს.

გიორგი ამაშუკელთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიერ სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულ პროექტებზე საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გვირაბების, აეროპორტების მშენებლობისა და სხვა მიმართულებით.

თავის მხრივ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ "Elsamex Group"-ის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო ახლო მომავალში გეგმავს. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო სამუშაოების წარმოების ხარისხსა და პროექტის კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულებას.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი ურთიერთთანამშრომლობა შედგება და ერთობლივი მუშაობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.