გორში თაფლის ახალი საწარმო შენდება

ქალაქ გორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის ახალი საწარმო შენდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მაღალი ხარისხის, ერთგვაროვანი თაფლი მივიღოთ და საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნებიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი მაღალი ხარისხის თაფლი აწარმოოს.

„მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, ჩვენ მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის, „თაფლის საბჭო“ იქნება კერძო და საჯარო უწყებების ერთობლივი გეგმის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანი გაერთიანება.

ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით.

თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ ბრადბერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, თაფლის სექტორის მრჩეველთა საბჭოს კომიტეტის წევრები და მეწარმეები ესწრებოდნენ.