საქართველოში შესაძლოა, ენერგოეფექტური შენობები აშენდეს

პარლამენტმა შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.პროექტის მიზანია შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც როგორც ინიციატორები განმარტავენ, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგი გააჩნია, როგორიცაა მაგალითად, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და ა.შ.

კანონი უშვებს ახალი შენობის დაპროექტებისას ან არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას მაღალეფექტური ალტერნატიული სისტემების გამოყენების შესაძლებლობას, თუ ისინი ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები. კანონპროექტის თანახმად, 2029 წლიდან ყველა ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს.

პროექტი მთავრობის მიერ არის ინიცირებული.