ეგვიპტე გაზის იმპორტზე უარის თქმას გეგმავს

2018 წლის ბოლომდე ეგვიპტე გეგმავს იმპორტირებულ გაზზე უარის თქმას. ამის შესახებ ქვეყნის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრმა ტარიკ ალ მულამ განაცხადა.როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, ეგვიპტე მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში აპირებს იმპორტირებულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზე სრულად თქვას უარი და ამის ნაცვლად თავად მოახდინოს მისი ექსპორტირება.

მინისტრის განცხადებით, უწყება გეგმავს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას, ქვეყნის ტერიტორიაზე გაზისა და ნავთობსაბადოების შესამუშავებლად. მანამდე კი ქვეყანამ მიზნად დაისახა გაზის მოპოვების 50%-იანი ზრდა მიმდინარე წლის პირველი ნახევრისთვის და ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება. უახლოეს ოთხ წელიწადში კი აპირებს 16 პროექტის რეალიზებას გაზის სფეროში, რომლის საერთო მოცულობა იქნება 25 მილიარდი დოლარი.

გარდა ამისა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ნავთობისა და გაზის სფეროში 24 პროექტის რეალიზება მოხდა, რომელთა მოცულობამ 2,16 მილიარდი დოლარი შეადგინა და რომელთა ხარჯზე გაზის მოპოვება გაიზარდა 1,4 მილიარდ კუბურ მეტრამდე და ნავთობის კი 26 ათას ბარელამდე.

ყველაზე პერსპექტიულ პროექტებს შორის სახელდება პროექტი ეზ ზოჰრი და ნილოსის დელტის დასავლეთ ნაწილი, სადაც ეგვიპტე ცდილობს, რომ დღიურად 7,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოიპოვოს.

ცნობისათვის, 2011 წლის რევოლუციამდე ეგვიპტე არამხოლოდ საკუთარ საჭიროებებს ფარავდა, არამედ გაზის ექსპორტირებას ისრაელში და იორდანიაში ახდენდა. თუმცა არასტაბილურმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, ამ მიმართულებით პროექტების განვითარება შეაფერხა. შედეგად კი, ქვეყანამ ვერ შეძლო შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოუწია ამ რესურსის იმპორტირება. 2017 წელს ეგვიპტეში დღე-ღამეში 31,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტი განხორციელდა.

კოკა კვირკველია