რა ღირს სასტუმროში დასვენება საქართველოში

2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2%-ით გაიზარდა; საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი 1.8%-ით შემცირდა.ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, კვლევის თანახმად, 2018 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 137 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ყველაზე მაღალი საშუალო ფასი - 157 ლარი (საშუალოზე 15%-ით მაღალი) თბილისში დაფიქსირდა.

„4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 232 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორისაც თბილისში დაფიქსირდა და 261 ლარი (საშუალოზე 13%-ით მაღალი) იყო.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი, მაისში 399 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 610 ლარი შეადგინა, კახეთში - 358 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 354 ლარი, ხოლო აჭარაში - 269 ლარი,“-აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, მათი საშუალო ფასი მაისში 72 ლარი იყო. კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონებში დაფიქსირდა.