დასახლების საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრა დასჯადი ხდება

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, „წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, სულხან მახათაძე და კობა ლურსმანაშვილი არიან.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზეზია, დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ფიზიკური ან იურიდიული პირების, მათ შორის, სამრეწველო-საყოფაცხოვრებო ობიექტების, მეცხოველეობის ფერმების, აგროსამრეწველო კომპლექსებისა და სხვა ობიექტების მფლობელთა მიერ ჩამდინარე წყლების უკონტროლო და ნორმების შეუსაბამო ჩაშვების რეგულირება და წყალარინების სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრის აკრძალვა.

„კანონპროექტის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომელიც ადგენს დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების/მიღების პროცედურას და კონტროლის მექანიზმებს. განსაზღვრავს წყალარინების სისტემაში ჩაშვებული ნივთიერებების დასაშვებ კონცენტრაციებს. რეგლამენტი დაარეგულირებს ურთიერთობებს სისტემის ოპერატორებსა და სისტემის მომხმარებლებს შორის, რომლებიც ახორციელებენ სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებას. ასევე, განსაზღვრავს სისტემაში დაუშვებელი კონცენტრაციის ნივთიერებებით დაბინძურებული წყლების ჩაშვებისას და სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრისას, სისტემის ოპერატორისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს,“-აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

სამინისტრომ 2018 წლის 15 ივლისამდე უნდა შეიმუშაოს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების ცენტრალიზებულ სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობების და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების შეტანა იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, აგრეთვე, ტექნიკური რეგლამენტის პირობების შეუსაბამო ჩამდინარე წყლის ჩაშვება - ფიზიკური პირის 400 ლარით და იურიდიული პირის 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება და ფიზიკური პირი - 800; იურიდიული პირი კი - 2000 ლარით დაჯარიმდება.