დონალდ ტრამპი Harley-Davidson-ის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული მოტოციკლეტების მწარმოებელი კომპანია Harley-Davidson-ის გადაწყვეტილებით გაოცებულია.საქმე ეხება კომპანიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას წარმოება ამერიკიდან ევროკავშირში გადააქვს. მიზეზი კი ევროკავშირის მხრიდან ამერიკულ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება გახდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

„გაკვირვებული ვარ, რომ Harley-Davidson გახდა პირველი კომპანია, რომელმაც თეთრი ალამი ასწია. მე ძლიერ ვიბრძოდი მათთვის, შედეგად კი ისინი არ გადაიხდიან გადასახადებს ევროკავშირში გაყიდვებისას, რომელმაც ჩვენ 151 მილიარდის ოდენობის დანაკარგი მოგვიტანა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

ცოტა ხნით ადრე Associated Press-მა კომპანიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ Harley-Davidson-ი აპირებდა წარმოების ამერიკიდან სხვა ქვეყნებში გადატანას, რათა თავი აარიდოს ევროკავშირის მიერ ამერიკის საპასუხოდ მიღებულ ზომებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის მეტალზე გადასახადის დაწესებას ეხება.

გასულ პარასკევს ევროკავშირმა ამერიკული წარმოების რკინისა და ალუმინის სხვადასხვა საქონელზე გადასახადი დააწესა, ამ ჩამონათვალში მოხვდა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ასევე ის კომპანიები, რომლებიც ამერიკასთან არიან ასოცირებული, მაგალითად Levi's-ის ჯინსები და Harley-Davidson-ის მოტოციკლები. შედეგად კი გაიზარდა პროდუქციის ფასი, ამ შემხთვევაში ერთ მოტოციკლზე ფასმა 2,2 ათასით მოიმატა.

კოკა კვირკველია