მიწის უფასო რეგისტრაციის პროექტი, შეიძლება ითქვას, ჩავარდა, რის გამოც იგი განსაზღვრულ ვადაში ვერ დასრულდა.ამიტომაც რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მართალია, საჯარო რეესტრში პროექტს წარმატებულად აფასებენ, მაგრამ საპირისპირო მოსაზრება აქვთ ქართველ მეცნიერებს. მათი აზრით, წელიწადნახევრის განმავლობაში არ მიმდინარეობდა შესაბამისი საინფორმაციო კამპანია, რის გამოც მოსახლეობა რეგისტრაციის პროცესში პასიური აღმოჩნდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის უფასო რეგისტრაცია 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზად არის. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყოველდღიურად 1500-დან 2000-მდე განცხადება წარედგინება, ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ დღეში 5000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, სააგენტოში სარეგისტრაციო წარმოება 105 712 განცხადებაზე მიმდინარეობს.
„ბიზნეს-რეზონანსის" კითხვას, თუ რატომ გადაწყდა მიწის უფასო რეგისტრაციის გაგრძელება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უპასუხეს, რომ გადაწყვეტილება რეფორმის წარმატებისა და საჭიროების გათვალისწინებით მიიღეს.
მოქალაქეთა მხრიდან მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესი აჩვენებს, რომ რეფორმა წარმატებული და საჭიროა. მის მიმდინარეობაზე მეტყველებს უკვე დარეგისტრირებული განცხადებების რაოდენობა და მოქალაქეთა გაზრდილი მომართვა. რეფორმის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით იქნა მიღებული. პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის რეფორმის ვადის 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელების საკანონმდებლო ინიციატივა", - განაცხადეს სააგენტოში.
ამასთან, მოსალოდნელია მიწის რეგისტრაციის პროცედურის კიდევ უფრო გამარტივება.
„როგორც წინა კვირაში იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, აღიარების კანონში შევა ცვლილება, რომელიც საკუთრების აღიარების წესის კიდევ უფრო გამარტივებისკენ იქნება მიმართული მიწის რეგისტრაციის პროცედურა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გამარტივებულია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქის მიერ აზომვითი ნახაზისა და განცხადების წარმოდგენის შემდეგ რეგისტრაციის პროცესში საიჭრო ყველა მომსახურებას უფასოდ ახორციელებს", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
როგორც აღვნიშნეთ, სპეციალისტებს აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ მიწის რეგისტრაცია სინამდვილეში საკმაოდ რთულ პროცედურას მოიცავს, რომლის გასამკლავებლადაც ქართველი გლეხების ნაწილს არც ფინანსური სახსრები აქვს და არც შესაბამის ინფორმაციას ფლობენ.
„მიწის დარეგისტრირება საკმაოდ დიდი პროცესია. მთელი უბედურება იყო ის, რომ რეგისტრაციის პროცესი ვერ გაიარა მოსახლეობის იმ ნაწილმაც კი, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთები და შესაბამისი დოკუმენტაციაც. ერთია, რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო, მაგრამ ზოგმა ამ პროცესში ჩართვა შესაბამისი დოკუმენტაციის უქონლობის გამოც ვერ შეძლო. ზოგი თბილისშია ან თუნდაც ქვეყნის გარეთ და ამ პროცესს გამოეთიშა.
ბევრი მიზეზი შეიძლება დასახელდეს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ინფორმაციის დეფიციტს გამოვყოფ. ეს აშკარად შეიმჩნეოდა. ამიტომ ვამბობდით, რომ ვადა გადაწეულიყო და კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
ქვეყანაში მიწების აღრიცხვა, მიწის ბალანსის წარმოება 2005 წლის 1-ლი იანვრიდან არ ხდება, რაც კატასტროფაა. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელიც მხოლოდ პრივატიზებული მიწის რეგისტრაციას ახდენს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობას შესაბამისი წერილით მივმართეთ არა მარტო ქართველმა სპეციალისტებმა, არამედ გაეროს მიწის საბჭომაც, მაგრამ არაფერი გამოვიდა", - აცხადებს კოღუაშვილი.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უნდა შეიქმნას მიწის რესურსების მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომელიც ყველა არსებულ პრობლემას მოაგვარებს.
„სოფელი უნდა გახდეს სამართალსუბიექტი და გადავაქციოთ იგი ტერიტორიულ ერთეულად, რაც ვერ მოხერხდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე მიწის რესურსების მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შექმნას, ამას საჯარო რეესტრი ვერ გააკეთებს.
საჯარო რეესტრს წელიწადში შეუძლია დაარეგისტრიოს მხოლოდ და მხოლოდ 50 000 განაცხადი. ამ დროს მოსახლეობის 70%-ს სოფლად და ქალაქად მიწის ნაკვეთები არ ჰქონდა დარეგისტრირებული. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რეგისტრაციის ჯერ კიდვ მიმდინარე პროცესი წარუმატებელია", - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან" პაატა კოღუაშვილი
სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის დაბალ ტემპს პროფესორი ანზორ მესხიშვილი ბიუროკრატიულ ბარიერს უკავშირებს. გარდა ამისა, ის საუბრობს რამდენიმე მიზეზზეც, რის გამოც რეფორმამ მოსახლეობა ვერ წაახალისა.
„კანონის მიღებამდე, როდესაც რეგისტრაციის მოთხოვნით დოკუმენტაცია შედიოდა საჯარო რეესტრში, გადაწყვეტილებას 4 სამუშაო დღეში იღებდნენ. ამ ვადაში მოქალაქეს ან დაურეგისტრირებდნენ მიწას ან უარს ეტყოდნენ. ცხადია, რეგისტრაცია შესაძლებელი იყო დაჩქარებული წესითაც, რაც დამატებით თანხის გადახდას მოითხოვდა. ახლა ეს დოკუმენტაცია მრავალ ეტაპს გადის, მათ გარკვეულ ნაწილს უგზავნიან მუნიციპალიტეტებს, აღსრულების ბიუროს და სხვა, რის გამოც 4 დღის ნაცვლად, რეგისტრაცია ზოგ შემთხვევაში 4 თვესაც კი გრძელდება. გამოდის, რომ პროცედურა გართულებულია, თუმცა კანონმა ბევრი კარგიც გააკეთა.
მიწის აზომვით სამუშაოებს რაც შეეხება, უფასო მხოლოდ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე იყო, თუმცა აქაც მოხდა გარკვეული გაუგებრობა და ხალხს თანხის გადახდა ამ შემთხვევაშიც მოუხდა. ინფორმაციაც ნაკლები იყო როგორც ტელევიზიით, ასევე პრესის საშუალებითაც, რამაც უფასო რეგისტრაციის პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ამ მიმართულებითაც იმუშავებენ, სხვა შემთხვევაში ხალხის დაინტერესება გაუჭირდებათ.
ჩვენ ვიცით, რომ 12 საპილოტე სოფელშიც არ არის რეგისტრაციის პროცედურა დამთავრებული, სადაც ყველაფერს სახელმწიფო უფასოდ აკეთებდა. რაც უნდა ვიძახოთ, რომ რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა, პროექტის წარმატებაზე საუბარი გადაჭარბებულია. ასე ნამდვილად არ არის, რაც იმის ბრალია, რომ არ გვაქვს მიწის კოდექსი, მიწის ბალანსი არ კეთდება ყოველწლიურად და საქართველოს მიწა უპატრონოდაა მიტოვებული", - აღნიშნავს მესხიშვილი.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"