რა არის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი და როგორ შეიძლება ადამიანმა დაძლიოს მარცხი

წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ადამიანის ჩვევაა - დროებითი მარცხის შემთხვევაში სულით დაეცეს. ასეთი შეცდომა უკლებლივ ყველას დაგვიშვია, - ეს არის ამონარიდი ნაპოლეონ ჰილის წიგნიდან „იფიქრე და გამდიდრდი“.

წიგნი პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცა. „ლურჯი ოკეანე“ - ეს არის გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიმართულება, რომელიც გულისხმობს მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მკითხველში დიდი ინტერესიც გამოიწვია. პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“, „აკოცე ბაყაყს“ და „გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“; სერიიდან „მარტივად“ წიგნები – „მართვა მარტივად“, „სამუშაოს ძებნა მარტივად“, „გაყიდვები მარტივად“, „მარკეტინგი მარტივად“, „პროექტის მართვა მარტივად“, „რეკლამა მარტივად“ და ა.შ.

„იფიქრე და გამდიდრდი“

ოქროს ციებ-ცხელების დროს ეს „ცხელება“ რ. უ. დერბის ბიძასაც შეეყარა და ოქროს ამოსათხრელად და სიმდიდრის საშოვნელად დასავლეთისკენ გაეშურა. მან არ იცოდა, რომ ადამიანის გონებაში მეტი ოქრო იმალება, ვიდრე მიწაში. ერთი ნაკვეთი დაიკავა და ძერაყინითა და ნიჩბით შეიარაღებული თხრას შეუდგა. ადვილი არ გახლდათ, მაგრამ ოქროს მოპოვების დაუძლეველი ჟინი მოსვენებას არ აძლევდა.

რამდენიმეკვირიანი მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ მბზინავ მადანს მიაგნო. მადნის ზედაპირზე ამოსატანად სპეციალური ხელსაწყოები იყო საჭირო. მადანს რაღაც გადააფარა და შინ, მერილენდში, უილიამსბურგისკენ გაემართა. ასეთი „გამართლების“ ამბავი ნათესავებსა და რამდენიმე მეზობელს გაუმხილა. საჭირო ხელსაწყოების შესაძენად ფული შეკრიბეს და იარაღი ჩამოატანინეს. დერბი და ბიძამისი მადანზე სამუშაოდ დაბრუნდნენ.

მადნის პირველი ვაგონი ამოიღეს და სადნობში გაგზავნეს. მიღებულმა თანხამ დაარწმუნათ, რომ მთელ კოლორადოში ერთ-ერთი უმდიდრესი მადნის მფლობელები გამხდარიყვნენ! ერთი-ორი ვაგონიც და ვალებსაც გაისტუმრებდნენ და უზარმაზარ მოგებასაც ნახავდნენ.

რაც უფრო ღრმად ჩადიოდა ბურღი, მით მაღლა-მაღლა მიიწევდა დერბისა და ბიძამისის იმედები! მერე კი რაღაც მოხდა! ოქროს მაღაროს ძარღვი დაიკარგა! ცისარტყელა გაქრა და ოქროთი სავსე ქოთანიც გაუჩინარდა! ბურღვას განაგრძობდნენ და სასოწარკვეთილები დაკარგული ძარღვის პოვნას ამაოდ ცდილობდნენ. ბოლოს გადაწყვიტეს, თავი დაენებებინათ.

დანადგარები ჯართში ჩააბარეს, რამდენიმე ასეული დოლარი აიღეს და მატარებლით შინ გაემგზავრნენ. ჯართის ზოგიერთი მიმღები „ჩერჩეტია“, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა! მან სამთო ინჟინერი იხმო, მაღარო აჩვენა და რაღაც-რაღაცების გამოთვლა დაავალა. ინჟინერმა დაასკვნა: პროექტი იმის გამო ჩაიშალა, რომ მფლობელმა ქანების რღვევის შესახებ არაფერი იცოდაო. გამოთვლები მიუთითებდა, რომ ძარღვი სულ სამი ფუტით იყო დაცილებული იმ ადგილიდან, სადაც დერბებმა თხრა შეწყვიტეს! მართლაც ასე აღმოჩნდა!

ჯართის მიმღებმა მაღაროს მადნიდან მილიონობით დოლარის მოგება ნახა, რადგან ხელი არ ჩაიქნია და რჩევისთვის ექსპერტს მიმართა.

იმ ფულის დიდი ნაწილი, რომლითაც დანადგარები იყიდეს, იმჟამად ჯერ კიდევ ყმაწვილი რ. უ. დერბის ნაშოვნი გახლდათ. მეზობლები და ნათესავები ენდნენ და ასესხეს. მან რამდენიმე წელი მუხლჩაუხრელად იშრომა და ვალი ბოლომდე გაისტუმრა.

მისტერ დერბი ამ ამბავს დიდი ხნის შემდეგაც იხსენებდა. როდესაც სიცოცხლის სადაზღვევო პოლისების გაყიდვა დაიწყო, მაშინღა მიხვდა, რომ შეიძლებოდა სურვილი ოქროდ ექცია.

არასდროს დავიწყებია, რომ ოქროდან სამიოდე ფუტზე გაჩერდა; სამაგიეროდ, ამ გამოცდილებით ბევრი ისწავლა, თავს მუდამ ჩასჩიჩინებდა: „ოქროდან სამ ფუტზე მყოფმა ჩავიქნიე ხელი, მაგრამ ახლა, როცა სიცოცხლის დაზღვევის პოლისს ვყიდი, უარი ვეღარ შემაჩერებს“.

ახლა დერბი იმ ორმოცდაათიოდე ადამიანს შორისაა, რომელიც ყოველ წელს მილიონი დოლარის ღირებულების დაზღვევას ყიდის. მისი „დაჟინებულობა“ იმ გაკვეთილის წყალობაა, რომელიც ოქროს მოპოვების საქმეში „დათმობით“ მიიღო.

წარმატების დადგომამდე ადამიანი ცხოვრებაში უამრავ დროებით მარცხს განიცდის. თუ მარცხმა დაჯაბნა, ადვილ გამოსავალს პოულობს და ყველაფერს თავს ანებებს. ადამიანების დიდი უმრავლესობა ასე იქცევა.

ამერიკის ხუთასამდე ყველაზე წარმატებულმა ადამიანმა ამ წიგნის ავტორს პირდაპირ განუცხადა, რომ წარმატება მას შემდეგღა ეწვიათ, რაც მარცხი იწვნიეს. წარუმატებლობა ოინბაზი რამ გახლავთ, იუმორის საოცარი გრძნობა აქვს და ეშმაკიც ბრძანდება. მაშინ დაუდებს ხოლმე ადამიანს კვანტს, როცა წარმატებამდე ორი ნაბიჯი აშორებს.

იხილეთ -  წიგნი