სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ახალმა მეთაურმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა.
მამუკა ბახტაძის თქმით, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები.
„დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3,9 პროცენტზე. ჩვენთვის სწორედ ეს ნიშნული - 3,9 პროცენტი იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჭერი, რითიც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბიუროკრატიაზე დაზოგილი ხარჯები კი სხვადასხვა ინიციატივების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება.
ამ სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით.
ესაა ჩვენი ხედვა და ეს ხედვა თანხვედრაშია ჩვენი საზოგადოების დაკვეთასთან, რომ ქვეყანას სჭირდება მცირე ბიუროკრატია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვხარჯოთ იმაზე მეტი მმართველობაზე, ვიდრე დღეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს არსებობს ჩვენი ეკონომიკის წინაშე.
დარწმუნებული ვარ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ მოცემულობას, სადაც სამთავრობო უწყებები ორიენტირებული იქნებიან კონკრეტულ შედეგებზე და ამას თითოეული მოქალაქე იგრძნობს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.