მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები იაპონიის ბიზნეს-დელეგაციას შეხვდებიან

სასტუმრო "ვერე პალასში", ხვალ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების და იაპონიის ბიზნეს-დელეგაციის შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები და საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო გარემოს მიმოიხილავენ, ასევე გაიმართება სექტორული და თემატური პრეზენტაციები.

იაპონიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ტარდება და 4-6 ივნისს გრძელდება. მის შემადგენლობაში შედიან იაპონიის ისეთი მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, წარმომადგენლები, როგორიცაა: Mitsubishi Heavy Industries, ltd, ITOCHU Corporation, Kawasaki Heavy Industries, Toyota Motor Corporation, Sojitz Corporation, Marubeni Corporation, Mitsubishi Motors Corporation. ასევე, იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენელი.

იაპონიის დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, ქართული ბიზნეს-სექტორის იმ წარმომადგენლებსაც შეხვდებიან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იაპონურ კომპანიებთან თანამშრომლობით.

6 ივნისს იაპონიის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრება და საინვესტიციო პროექტებს ადგილზე გაეცნობა.