სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ნაწილი, რომელიც საგზაო წესების სხვადასხვა სახის დარღვევებს ავლენს, ტექნიკურად გამართული არ არის.უწყების მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად შემდეგი სახის პრობლემების იდენტიფიცირება მოხდა: - იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერები მხოლოდ ხუთი სახის (შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, უწყვეტი ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება - სექციური რადარის მეშვეობით, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა) დარღვევის დაფიქსირებაზე არიან ორიენტირებული, სხვა სახის დარღვევების გამოსავლენად (მობილურზე საუბარი, ღვედის გარეშე მოძრაობა და ა.შ.) კვლავ რჩება ვიზუალური კონტროლის აუცილებლობა, რასაც თავის მხრივ, შესაბამისი ვიდეოსამეთვალყურეო ქსელი და დამატებითი ადამიანური რესურსი ესაჭიროება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ვიდეომეთვალყურეობის ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელია გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა ფოტო ან ვიდეოკადრზე დარღვევის არსი ნათლად ჩანდეს. უწყების ინფორმაციით, არსებული ინფრასტრუქტურა სათანადოდ გამართული არ არის.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით “ჭკვიანი ვიდეოკამერების“ დამონტაჟება მნიშვნელოვან საბიუჯეტო სახსრებს მოითხოვს, რადგან იმ მონაკვეთებზე, სადაც სამინისტროს შესაბამის სპეციალისტებს საჭიროდ მიაჩნიათ კამერების ფუნქციონირება, ხშირ შემთხვევაში არ არის გაყვანილი ელექტროქსელი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, რომელთა გარეშე კამერების მუშაობა შეუძლებელია.
ამასთან, ერთობლივი ოპერაციების ცენტრში მხოლოდ 21 ოპერატორია დასაქმებული, რომლებიც რეალურ დროში, ვიზუალურად აკონტროლებენ მოძრაობას და საჭიროების შემთხვევაში დარღვევის ფაქტს აფიქსირებენ. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, დღეს არსებული მდგომარეობით, საგზაო მოძრაობის ვიდეოკონტროლი მცირე მასშტაბით ხორციელდება, რაც ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევების ადეკვატურ გამოვლენას.
“საქართველოშიც პერმანენტულად იზრდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ხვედრითი წილი, მაგრამ მიუხედავად მნიშვნელოვანი მატებისა, არსებული მდგომარეობა ჯერ კიდევ შორსაა მოწინავე გამოცდილების მქონე ქვეყნების შედეგებისგან. კერძოდ, ვიდეოჯარიმებით გამოწერილია ჯარიმების საერთო ოდენობის მხოლოდ 26-31%, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს (დაახლოებით 70%). ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ნაწილი, რომელიც ავლენს საგზაო წესების სხვადასხვა სახის დარღვევებს (სიჩქარის გადაჭარბების გარდა), არ არის ტექნიკურად გამართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიმდინარეობს.