2017 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება 2016 წელთან შედარებით 2.8-ჯერ გაიზარდა და 220.4 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ „ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ აცხადებენ.მათი ინფორმაციით, წმინდა მოგება 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ასევე გაიზარდა 2.5-ჯერ.
„გაიზარდა კორპორაციის საოპერაციო მოგებაც და მან 205.8 მლნ ლარი შეადგინა (რაც 2016 წლის მონაცემებზე 37,6%-ით მეტია. 2016 წელს ეს ციფრი 149,6 მლნ ლარი იყო). კორპორაციის ჯამური აქტივები გაიზარდა 5,0%-ით და შეადგინა 1.66 მილიარდი ლარი.
2017 წლის ანგარიშგების მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის წმინდა ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან და 231,9 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 159,1 მლნ ლარს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გარდაბანის კომბინირებული ციკლის პირველი თბოსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის შედეგად კორპორაციამ შემოსავლების დივერსიფიცირება მოახდინა. კორპორაციაში აღნიშნავენ, რომ 2017 წელს აქტიურად მიმდინარეობდა გარდაბანის მეორე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
„2017 წელს შემოსავალმა ელექტროენერგიის წარმოებიდან და მიწოდებიდან შეადგინა 199,7 მლნ ლარი (2016 წელს 184,4 მლნ ლარი). გაიზარდა აგრეთვე კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2017 წელს შეადგინა 671,6 მლნ ლარი, რაც 2016 წლის მონაცემებზე 6,0%-ით მეტია. 2016 წელს ეს ციფრი 633,6 მლნ ლარი იყო.
2017 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრმა, აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ, რომლის დასკვნითაც კორპორაციის ფინანსური ანგარიშგება სრულიად შეესაბამება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.