ფინანასთა მინისტრის პოსტზე შესაძლოა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ეკონომისტი დავით ამაღლობელი დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.ქართველი ეკონომისტი დავით ამაღლობელი, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის სენიორ-ეკონომისტის წოდება აქვს, საქართველოში არაერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
კერძოდ, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით. ასევე მუშაობდა პარლამენტში. კერძოდ, ამაღლობელი 1998 წელს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში უფროს სპეციალისტად დაინიშნა, 1999-2001 წლებში, აშშ-ში სწავლის პარალელურად, იგი ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.
2001-2002 წლებში დავით ამაღლობელი მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში სამმართველოს უფროსად, ხოლო 2002-2003 წლებში სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტად მონეტარულ და ფისკალურ საკითხებში.
2004 წლის იანვრიდან დავით ამაღლობელი მუშაობს ფისკალურ ექსპერტად საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, იმავე წელს კი ინიშნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ. 2005 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრამდე დავით ამაღლობელს ეკავა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის თებერვლამდე იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.