ციფრული ვალუტების ფასები გაიზარდა

ციფრული ვალუტების ბაზარზე დღეს მცირე გამოცოცხლებაა - ბიტკოინის ფასი 1 პროენტზე მეტით გაიზარდა.ეს ზრდა უმნიშვნელოა და მის შემაფერხებელ ფაქტორად კომპანია „ალიბაბას“ დამფუძნებლისა და მფლობელის, ჯეკ მას განცხადებაა იმის შესახებ, რომ მისი აზრით, ბიტკოინი პოტენციური საპნის ბუშტია.

ბიტფაინექსის პლატფორმაზე, ბიტკოინის ფასი 6 244.1 დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია. კაპიტალზაციის მხრივ, მეორე უდიდესი ვალუტის, ეთერიუმის ფასი 1.6 პროცენტით, 457.6 დოლარამდე გაიზარდა. შედარებით ნაკლები, 0.8-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა „რიპლის“ XRP-ს, რომელიც 0.47894 დოლარამდე გაძვირდა. ყველაზე მეტად (2.6 პროცენტით) კი ლაიტკოინის ფასმა მოიმატა, რომელმაც 81.73 დოლარს მიაღწია.

ჯეკ მა ბიტკოინთან დაკავშირებით კვლავ ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებს. ის თვლის, რომ ბიტკოინი შესაძლოა, საპნის ბუშტი იყოს, შედაბამისი პერსპექტივით. თუმცა მიაჩნია, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას დიდი მომავალი აქვს.

„ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ჩვენი სამყაროს შეცვლა შეუძლია. იმაზე მეტადაც, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ. მაგრამ ბიტკოინი ალბათ საპნის ბუშტია“, - ამბობს მა.

კვირას ბიტკოინის ფასი 5 787 დოლარამდე შემცირდა, რაც 2018 წელს უდაბლესი ფასია. არადა, ჯერ კიდევ დეკემბერში, ის 20 000 დოლარამდე იყო გაძვირებული. მას შემდგ, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 70 პროცენტით არის შემცირებული.

გასული კვირის ბოლოს, ციფრული ვალუტების ფასების კლება, იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოს მიერ, ექვსი ადგილობრივი გამცვლელი პლატფორმის მიმართ, მკაცრი პირობების წაყენებამ გამოიწვია. გარდა ამისა, სამხრეთ კორეაში ბაზირებული „ბითუმბის“ პლატფორმიდან, ჰაკერებმა 31.5 მილიონი დოლარის ციფრული ვალუტები მოიპარეს.

ბიტკოინის ზრდის მიუხედავად, „ბლოკჩეინ კეპიტალის“ პარტნიორმა სპენსერ ბოგარტმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ფასები კვლავ დაეცემა. ის ამბობს, რომ თუ გასული წლის ზაფხულს გავიხსენებთ, როცა ციფრული ვალუტების ფასებზე ბუმი იყო, ციფრულ ვალუტებზე მომუშავე ჰეჯ ფონდების რიცხვი და შესაბამისად შესყიდვებიც, სწრაფად იზრდებოდა. ამჟამად კი ბროკერების უმეტესობა ციფრული ვალუტების გაყიდვაზეა გადასული. ჰეჯ ფონდებიც თავიანთი ციფრული ვალუტების აქტივების მოშორებას ცდილობენ. ბოგარტს სწორედ ეს გარემოება აფიქრებინებს, რომ ეს ფასების ხელოვნურად დაგდებას გამოიწვევს.