საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სეულში დაჯილდოვდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეაში, საუკეთესო სტენდისა და საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის ტიტულებით დაჯილდოვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ სეულში ტურისტული გამოფენა-ბაზრობა "KOTFA 2014" 29 მაისს-1 ივნისს გაიმართა. ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში 6 ტურისტული კომპანია მონაწილეობდა: Travel Shop; Visit Georgia; Georgica Travel; Trawellin; Caucasus Travel; Tika Tours.

სეულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი იყო წარდგენილი, სადაც მიწვეული სტუმრები საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

გამოფენის მონაწილეებს, საქართველოს შესახებ კორეულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი ბროშურები და რუკები დაურიგდათ.

საქართველოს სტენდი ათასობით სტუმარმა დაათვალიერა. გამოფენის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში, წამყვანი ტელეკომპანიების, რადიოსადგურების, ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან და სერვისის მომწოდებლებთან შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს შესახებ რეიტინგული გამომცემლობა "Global Travel News" ვრცელ სტატიას ავრცელებს. სტატიების გამოქვეყნებას გეგმავენ: “Fortune Korea“ “The Korea Travel Times,” “Triple Travel People,” “Korea Tourism News,” “The transport and travel times,” “Baum Architects” და "Ab-road".

"KOTFA 2014" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა-ბაზრობაა. სეულის გამოფენას 59 ქვეყნის წარმომადგენელი, 120 ათასი სტუმარი დაესწრო.