2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების გარეშე სამშენებლო ნებართვები შესაძლოა, აღარ გაიცეს - სწორედ ამას ითვალისწინებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ.კანონპროექტის მიხედვით, ენერგოეფექტური სახლების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2021 წლის იანვრიდან გახდება, ხოლო 2029 წლიდან ყველა ახალი შენობა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლიდან შენობა ან შენობის ნაწილი ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირებას არ მოახდენს, მშენებელს ფულადი სანქციები დაეკისრება. ჯარიმის ოდენობა, კანონპროექტის მიხედვით, ფართობის მიხედვით დგინდება და 300-დან 1 500 ლარამდე განისაზღვრება.
როგორც პროექტის ინიციატორები აცხადებენ, ამის მიზანია შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგი გააჩნია, როგორიცაა მაგალითად, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და ა.შ.
კანონი უშვებს ახალი შენობის დაპროექტებისას ან არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას მაღალეფექტური ალტერნატიული სისტემების გამოყენების შესაძლებლობას, თუ ისინი ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ აისახება ახალი ცვლილება სამშენებლო ბიზნესზე. როგორც დეველოპერები აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური სახლები მომხმარებლისთვის ნაკლებ ხარჯიანია, თუმცა მისი მშენებელობა გაცილებით ძვირი ჯდება, ამიტომ, დიდი ალბათობით, ბინების ფასი მოიმატებს.
„ენერგოეფექტური სახლები მომხმარებლისთვის ძალიან ამცირებს ხარჯებს, იზრდება ხარისხი და შესამისად, მშენებლობაც ძვირდება. ცოტა პრობლემაა ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებზე აპრობირება, მათი მარაგი, შესაბამისი კადრების ნაკლებობა და ა.შ. ძალიან ბევრი კომპანია უკვე თავისი ინიციატივით გადადის ენერგოეფექტური სახლების აშენებაზე, მაგრამ ხელოსანიც კი პრობლემაა ხოლმე. თუმცა, რაც მშენებლობისთვის და ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, მე ყოველთვის მივესალმები“,-აცხადებს სამშენებლო კომპანია „ივერიონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
„რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ ინიციატივა მისაღებია და ზოგიერთი კომპანია, მათ შორის „რედკო“ ნაწილობრივ ენერგოეფეტურ სახლებს უკვე აშენებს.
„ენერგოეფექტური სახლების მშენებლობა რომ კარგია, ორი აზრი არ არსებობს. პირველ რიგში, მომხმარებლისთვის. ბიზნესისთვისაც კარგია, თუ ამას ექნება ადეკვატური ფასი. რასაც სრულად ენერგოეფეტური სახლი ჰქვია, ჩვენ არ ვაშენებთ, თუმცა ამ კუთხით სამშენებლო პროცესში მთელ რიგ ღონიძიებებს ვახორციელებთ. მათ შორის, სახურავების, კედლების შესაბამისად დათბუნება და ა.შ. რაც იწვევს გაძვირებას. თუმცა, საბოლოო ჯამში ამას ალტერნატივა არ აქვს და ყველა შემთხვევაში სამშენებლო სექტორი უნდა გადავიდეს უკეთესი ხარისხის მშნებლობებზე“,-აცხადებს მალხაზ კუნელაური.
მისი თქმით, თუ საუბარია დეველოპერების დავალდებულებაზე, მაშინ აქ კარგად უნდა იყოს დათვლილი ღირებულება, რაც შემდეგ ასეთი ტიპის პროდუქტს ექნება.
„სიმართლე გითხრათ, მაგ ინიციატივის სავალდებულო ფორმის შესახებ, მე საერთდ არ ვიცოდი. თუმცა, თუ სახელმწიფოს მხრიდან დავალდებულებას ექნება ადგილი, მაშინ აქ ძალიან კარგი იქნება, რომ ზუსტად იყოს დათვილი ის ღირებულება, რაც შემდეგ ასეთი ტიპის პროდუქტს ექნება. მე არ ვემხრობი, რომ უძრავი ქონება დაბალფასიანი იყოს და უხარისხო. უნდა არსებობდეს ის მინიმალური ( და არა მაქსიმალური) სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს თბოეფექტურობასაც და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც, რაც მშენებლობის ხარისხს უკავშირდება“,-აცხადებს მალხაზ კუნელაური.
ნინი ქეთელაური