მოქალაქეებს თვითნებურად მოწყობილი კონდიციონერისა და გამათბობლების მოხსნა მოუწევთ

მოქალაქეებს შენობების ფასადებზე თვითნებურად მოწყობილი კონდიციონერისა და გამათბობლების დემონტაჟი მოუწევთ.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქალაქის რეაბილიტერებულ ადგილებში გახშირდა იერსახის, ფასადების დაზიანება. ეს ხდება კონდიციონერებით, გამათბობლებით და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებით. მაგალითისთვის, გვაქვს ახალი აღმაშენებლის ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციაზეც 30 მლნ ლარი დაიხარჯა და ასეთი ფაქტები არის უამრავი,“ - აღნიშნა კალაძემ.

მანვე დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, რომ თითოეული მსგავსი ფაქტი დააფიქსიროს და აღრიცხოს.

„მესაკუთრეებს მივცეთ გონივრული ვადა, რომ თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განახორციელონ, დაზიანებებს კი ჩვენი ხარჯებით აღვადგენთ და მოვაწესრიგებთ,“-განაცხადა კალაძემ.