თბილისის მერია მომავალი წლიდან ვაკის პარკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია მომავალი წლიდან ვაკის პარკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაციას იწყებს.როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

"წინა მთავრობის სხდომაზე გავაკეთე განცხადება, რომ გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია იწყება. გამოცხადებული იყო ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანია და მასთან ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს. ამის შემდეგ სამუშაოებს დავიწყებთ. გარდა ამისა, ისტორიული პარკების რეაბილიტაციას ვიწყებთ. პირველ რიგში, ეს შეეხება ვაკის პარკს და ვერის ბაღს.

ამ ორ ადგილზე უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, როცა პროექტი დასრულდება, მომავალ წელს დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც წინადადებებს მიიღებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პარკების არსებობიდან ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა, რაც დაგეგმილი გვაქვს. საქალაქო პარკების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, რადგან იქ არსებული მდგომარეობა არის საგანგაშო და მძიმე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მიმართულება გახდეს პოპულარული და ადამიანებსაც სურვილი გაუჩნდეს შევიდეს პარკებში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაისვენონ", - განაცხადა კალაძემ.