კანადის ხელისუფლება ემზადება ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ მეტალზე გადასახადის დაწესებისთვის.როგორც Bloomberg-ი კანადის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, ოტავას მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი განპირობებულია საშიშროებით, რომელიც გამოწვეულია ამერიკის მხრიდან რკინასა და ალუმინზე დაწესებული გადასახადების შემდეგ მათ ქვეყანაში უხარისხო დაბალფასიანი მეტალის დიდი ოდენობით გამოჩენით. ამის თავიდან აცილების მიზნით კი, კანადა გეგმავს დამატებითი კვოტების დაწესებას იმპორტირებულ მეტალზე.
აღნიშნული გეგმის შესახებ კანადის ხელისუფლება სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოაცხადებს, თუმცა საბოლოოდ ისინი ჯერ დამტკიცებული არ არის, - აზუსტებს სააგენტო.
მისივე ინფორმაციით, კანადამ გასულ წელს ჯამში 9 მილიარდი დოლარის რკინის იმპორტი განახორციელა, ამის ნახევარი კი ამერიკაზე მოდის. სხვა მნიშვნელოვან იმპორტიორებს შორის კი არიან ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ბრაზილია და თურქეთი.
კოკა კვირკველია