საქართველოში პირველი ინდუსტრიული ყავის საწარმო იხსნება

5 ივნისს 11:00 საათზე, სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის, საქართველოში პირველი ინდუსტრიული ყავის საწარმოს - Cherie-ის პრეზენტაცია გაიმართება.

მედია-ტურის ფარგლებში, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ საწარმოს ტერიტორია, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია და გაეცნონ საწარმოს მუშაობის პროცესს. (მისამართი: დიდი ლილო, ალ. ქართველიშვილის ქუჩა, ნაკვეთი 726).

ინფორმაციისთვის, კომპანია Cherie 2012 წლის 21 მარტს დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნედლი, მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და რეალიზაცია. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი, ყავის ინდუსტრიაში საუკეთესოდ აღიარებული გერმანული Probat-Werke -ის დანადგარებით აღჭურვილი საწარმო. მწვანე მარცვლის იმპორტი ევროპიდან ხორციელდება, თუმცა მისი თავდაპირველი მომწოდებელი ქვეყნებია - ბრაზილია, კოლუმბია და სხვა.

„ჩვენი კომპანია პირველია, რომელმაც საქართველოში ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო და ქართველ მომხმარებელს უნიკალური ტექნოლოგიით მომზადებული, გამორჩეულად გემრიელი 100%-ით ნატურალური ყავა შესთავაზა. სამწუხაროდ, საქართველოში მასიურად უხარისხო ყავა იყიდება. აქედან გაჩნდა იდეა, გვსურდა მომხარებელს დაეგემოვნებინა ნამდვილი ყავა, რომელიც მათი გემოვნების მიხედვით შეიქმნა, ამაში მდგომაროებს Cherie-ის კონკურენტული უპირატესობაც. ამასთანავე, ჩვენს შეფუთვას აქვს სპეციალური სარქველი, რომლის საშუალებითაც გამოიყოფა ნახშირორჟანგი, შეფუთვაში კი ვერ აღწევს ჟანგბადი, რაც დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს ყავას გემოს და თავდაპირველ არომატს,’’- ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ლომთათიძე.

ამჟამად Cherie ორი დასახელების ნალექიან ყავას აწარმოებს: „ჩერი“ - კლასიკი, რომელიც წარმოადგენს 100%-ით არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავს დახვეწილი გემოთი და „ჩერი“ ორიგინალი, რომელიც აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავია ძლიერი გემოთი. პროდუქტი გათვლილია საშუალო და მაღალ სამომხმარებლო სეგმენტზე. „ჩერი“ - კლასიკის, 100 გრამიანი შეფუთვის საშუალო ფასია 3.50, „ჩერი“ ორიგინალის - 2.50 ლარი.

სამომავლოდ, დაგეგმილია პროდუქციის ხაზის გაფართოება და 12 დასახელების ყავის სახეობის გამოშვება. კომპანიაში პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავენ.