ფინანსთა მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად მსოფლიო ბანკის კონსულტანტი და „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი მანაგაძე განიხილება.არაოფიციალური ინფორმაციით, მანაგაძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, მანაგაძე, 1998–2005 წლებში სებ-ის პრეზიდენტი იყო. მანამდე, 1991 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშეს თანამდებობაზე მუშაობდა; 1993 წელს საქმიანობა გააგრძელა საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტში მთავარ სპეციალისტად; 1993-1994 წლებში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩევლისა და სამდივნოს უფროსის თანამდებობას იკავებდა; 1994 წელს მუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სამდივნოში - ჯერ სახელმწიფო მრჩევლად, შემდეგ კი წამყვან სახელმწიფო მრჩევლად.
მანაგაძეს აქვს უცხოეთში მუშაობის გამოცდილებაც. კერძოდ, 1994 წლიდან 1996 წლამდე ვაშინგტონში (აშშ) მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე, 1996-1998 წლებში კი - მსოფლიო ბანკის მეოთხე ევროპული დეპარტამენტის მუნიციპალური და სოციალური ინფრასტრუქტურის განყოფილების ინსტიტუციონალური სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გარდა ამისა, გარკვეული 2005 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ნოემრის ჩათვლით ის იყო EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველიც პოლიტიკის საკითხებში. 2017 წლის იანვრიდან დღემდე მსოფლიო ბანკში კონსულტანტად.
შეგახსენებთ, რომ ეს ირაკლი მანაგაძის საქართველოს მთავრობაში მოწვევის 1-ლი მცდელობა არ არის. მას ფინანასთა მინისტრის პოსტზე „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2012 წელსაც განიხილავდა. ირაკლი მანაგაძის სახელი გაჟღერდა 2015 წელსაც, მაშინაც ის ფინანსთა მინისტრის პოსტზე მოიაზრებოდა. იყო საუბარი მისი საგარეო უწყებაში დასაქმებასთან დაკავშირებითაც, თუმცა ყველა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
ცნობისათვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსთა მინისტრის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატი დავით ამაღლობელი განიხილებოდა, თუმცა მოგვიანებით ითქვა, რომ ამაღლობელმა შეთავაზებაზე უარი თქვა.