დღეს ჩინეთის ქალაქ შანხაიში ყოველწლიური მნიშვნელოვანი ტექნოლგიური ფორუმი „მსოფლიო მობილური კონგრესი“ იხსნება.Mobile World Congress-ში წელს 550 კომპანია იღებს მონაწილეობას მსოფლიოს 100 ქვეყნიდან. ფორუმი, რომელიც გამორჩეულია სატელეკომუნიკაციო სფეროში სიახლეებისა და სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიების პრეზენტაციებით, სტარტს დღეიდან იღებს.
MWC Shanghai 2018 წელს ლოზუნგით „აღმოაჩინე შენთვის უკეთესი მომავალი“ იმართება. საგამოფენო სივრცე შვიდ პავილიონს მოიცავს, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ მობილურ ტექნოლოგიებში არსებული მიღწევები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს 5G სტანდარტის ტექნოლოგია, ღრუბლოვანი სერვისები სატელეკომუნიკაციო სფეროში, ხელოვნური ინტელექტი და სხვები. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გამოფენა სახელწოდებით „ჭკვიანი ქალაქი“, რომელიც აქტიურად არის მხარდაჭერილი როგორც შანხაის ქალაქის ადმინისტრაციის მიერ, ასევე ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.
აღნიშნულ ღონისძიებას არამხოლოდ მობილური სექტორის პროფესიონალები, არამედ ჩვეულებრივი მომხმარებლებიც სტუმრობენ. ფორუმის ორგანიზატორები წელს 60 ათასამდე დამთვალიერებელს ელოდებიან.
კოკა კვირკველია