„მეტროს გაჩერების გამო, ავტობუსების უფასოდ გადაადგილების მიუხედავად, კონტროლიორები გაცდენილი პერიოდის ხელფასს უკლებლივ აიღებენ"

ავტობუსის კონტროლიორები გაცდენილი პერიოდის ხელფასებს უკლებლივ აიღებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაუცხადა.მისი თქმით, საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც მეტროპოლიტენის გაჩერების გამო, ავტობუსები უფასო რეჟიმში გადაადგილდებოდნენ და შესაბამისად, კონტროლიორების მუშაობის საჭიროება არ იყო.

"რაც შეეხება კონტროლიორებს, აქ არის საუბარი იმ რამდენიმე დღეზე, როდესაც ეს ადამიანები არ მუშაობდნენ მეტროს გაჩერების გამო და ავტობუსები უფასო რეჟიმში გადაადგილდებოდნენ. ეს ადამიანები იმ გაცდენილი პერიოდის ხელფასს უკლებლივ აიღებენ",- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, 3 დღის ხელფასს ავტობუსების კონტროლიორები არ მიიღებენ, ვინაიდან გაფიცვის დღეებში ავტობუსებით მგზავრობა უფასო იყო.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ხმალაძემ კომენტარი გააკეთა შეეხება რუსთავი-თბილისის მაგისტრალის პროექტს.

კითხვაზე, ოპოზიცია ამბობს, რომ მოსახლეობა ითხოვს, მერიამ შუამდგომლობა გაუწიოს აზიის განვითარების ბანკსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის, რათა მათ მაგისტრალის მშენებლობის გამო კომპენსაცია მიიღონ, ხმალაძის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება თუ ამის საჭიროება იქნება.

"თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან დაკავშირებით, პროექტს ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.მე არ მგონია,

რომ ამ შემთხვევაში, იყოს მოსახლეობასა და სამინისტროს შორის მერიის შუამდგომლობის აუცილებლობა, მაგრამ მერიის ჩართულობამ შეიძლება, რაიმე პროცესებს შეუწყოს ხელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით. დღესვე შევხვდები ოპოზიციის წარმომადგენლებს, დეტალურად განვიხილავთ საკითხს, თუ ამის საჭიროება იქნება. დღესვე მექნება კომუნიკაცია სამინისტროსთან, თუმცა არ მგონია, რომ ამის საჭიროება იყოს", - განაცხადა ხმალაძემ.