თბილისის თიზ-ში შემოდგომაზე მედიკამენტების წარმოება დაიწყება

უკრაინული კომპანია საქართველოში მედიკამენტების წარმოებას შემოდგომიდან დაიწყებს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“თბილისის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა.მისი თქმით, თბილისის ინდუსტრიულ ზონაში საწარმოს მშენებლობა ერთი თვის წინ დაიწყო, ამასთან, მზადდება მეორე პროექტიც, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტების წარმოებას აზერბაიჯანული კომპანიაც დაიწყებს.

როგორც გიორგი ტაბიძე აცხადებს, საწარმოს შენობა, რომელიც უკრაინელებისთვის შენდება, 2100 კვადრატულია, თუმცა მიწის ფართობი, სადაც ქარხანა სხვა კომპანიებისთვისაც აშენდება - 6000 კვადრატული. საწარმოში 1 600 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალური დირექტორის თქმით, მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება და უკრაინული კომპანია მედიკამენტების წარმოებას უკვე დაიწყებს.

„ერთ თვე არც არის, რაც დავიწყეთ საწარმოს მშენებელობა და ის უნდა მივაქირაოთ უკრაინულ კომპანიას. ასევე მზადდება მეორე პროექტი, რომლის მშენებელობასაც სავარაუდოდ, ამ ზაფხულის ბოლომდე დავიწყებთ. აქ აზერბაიჯანული კომანია შემოვა. ასევე დაინტერესებულები არინ ინდოელები, თითქმის შეთანხმებული ვართ მათთანაც, უბრალოდ, შენობის პროექტებსა და ლიცენზიებზეა ჯერ საუბარი“,-აცხადებს გიორგი ტაბიძე.

კონკრეტულად რომელი უკრაინული კომპანია შემოდის, „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალური დირექტორი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე არ ამხელს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს არის ქართული შპს, რომელსაც უკრაინელი დამფუძნებელი ჰყავს“.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, გიორგი ტაბიძე ამბობს, რომ ეს მისთვის უცნობია, თუმცა ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან.

მისივე თქმით, მედიკამენტები საექსპორტოდ დამზადდება, რადგან ამ მიმართულებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოება, ძალიან ძვირი ჯდება.

„ეს არის წარმოების ციკლი, რომელსაც ადგილზე ამზადებ და ყველაფერი მიდის საექსპორტოდ. საქართველოში ზოგადად კანონმდებლობიდან გამომდინარე, ზონაში წარმოების გაკეთება არ არის მისაღები“,-აცხადებს გიორგი ტაბიძე.

ნინი ქეთელაური