დედაქალაქში „თბილისური ბაზრის“ პროექტი იწყება

მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, მიმდინარე წლის 30 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით, ყოველ შაბათს, 17:00-დან 23:00 საათამდე, თბილისში, რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

გამოფენა-გაყიდვას „თბილისური ბაზარი“ ეწოდება, სადაც წარმოდგენილი იქნება თბილისში დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობა: აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, ბატიკა, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს.

დედაქალაქის მერის თქმით, „თბილისური ბაზარი“ მცირე მეწარმეობის წამახალისებელი და ხელშემწყობი პროექტია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, რომ თავიანთი წარმოებული ნივთების გაყიდვა შეეძლოთ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე. მოგეხსენებათ, ტურისტული სეზონია, ძალიან ბევრი ტურისტია ქალაქში და ეს შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილისური ბაზარი“ რიყის პარკში სხვა ღონისძიებების პარალელურად გაიმართება.