"სილქ როუდ ჯგუფმა" არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების წამყვან კომპანიასთან, „ჩეპმენტეილორთან“, მოლაპარაკებები დაასრულა.შესაბამისად, სწორედ „ჩეპმენტეილორი“ იმუშავებს, როგორც „სილქ თაუერის“, ასევე მთლიანად „ბათუმი რივიერას“ პროექტის არქიტექტურულ დიზაინსა და გეგმარებაზე.
„6 ჰექტარზე „სილქთაუერი“ და პროექტის განვითარების შემდგომ ეტაპებზე დაგეგმილი შენობა-ნაგებობები განთავსდება. მთავარი აქცენტი კი მთელი პროექტის მასშტაბით გამწვანებაზე გაკეთდება.
პროექტი საცხოვრებელ აპარტამენტებს, იახტ კლუბს და დამატებით 2 ჰექტარზე განლაგებულ პარკს მოიცავს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, იგი ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი და სალანდშაფტო-სარეკრეაციო ზონა იქნება. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით, ტერიტორიას ძეგლის სტატუსი მიენიჭება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარკის ტერიტორიაზე არანაირი შენობა არ აშენდება. პარკი ერთიანი ლანდშაფტური კონცეფციის ნაწილი გახდება და მის გეგმარებაზე „ჩეპმენტეილორი“ იმუშავებს. საბოლოო ვარიანტი შეთანხმდება აჭარის მთავრობასთან და მის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე „სილქროუდ ჯგუფი“ იზრუნებს,“-აღნიშნულია „სილქ როუდ ჯგუფის“ განცხადებაში.
აღნიშნული პროექტი თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 65 მილიონი აშშ დოლარია.
„პროექტის კიდევ ერთი პარტნიორია - კომპანია „ბათუმის იახტ კლუბი“, რომელიც "სილქროუდ ჯგუფთან" ერთად დებს ინვესტიციას და იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას მინიმუმ 20 წლის ვადით კისრულობს. საწყის ეტაპზე იახტ კლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად განახორციელებენ. პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმართება. აგვისტოშივე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო 2019 წლიდან მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევა,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.