გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ატმის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ექსპორტიორებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე ატმის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 700 ტონა ატამი. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ატმის ექსპორტის რაოდენობა 30 ტონას შეადგენდა.
„იმისათვის, რომ ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად და კოორდინირებულად წარიმართოს, ინტენსიური შეხვედრები იმართება ფერმერებთან, მეწარმეებთან და ექსპორტიორებთან. დღეისათვის, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი. ჩვენ შევხვდით ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელს, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსების ფარგლებში შეიქმნა. დღეისათვის გვაქვს საკმარისი სამაცივრო სიმძლავრეები, რაც ექსპორტის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არასტანდარტული ატმის გადამუშავების მიმართულებით კოორდინაცია. სწორედ ამიტომ, უკვე გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს. ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კომპანიის „კულა“ დირექტორმა, ივანე გოგლიძემ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „კულა“ უკვე რამდენიმე წელია ადგილობრივ ატამს იბარებს.
„ჩვენ ვაწარმოებთ როგორც წვენს, ასევე ხილფაფას და კომპოტს. წელს ვიწყებთ ატმის ჩირის გამოშვებას; წლევანდელ სეზონზე სამრეწველო პერიოდში, 500 ტონამდე ატმის გადამუშავებას ვგეგმავთ“,- განაცხადა ვანო გოგლიძემ.
აღსანიშნავია, რომ ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.