ღარიბების რაოდენობის მიხედვით ნიგერიამ ინდოეთს გადაასწრო. ამის შესახებ CNN ბრუკინგსის უნივერსიტეტის ყოველწლიურ კვლევაზე დაყრდნობით წერს.მათი მონაცემებით, ნავთობით მდიდარ ქვეყანაში 87 მილიონი ღარიბი ცხოვრობს, რომელთა შემოსავალი დღეში 1,9 დოლარზე ნაკლებს შეადგენს. ეს კი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 44,4%-ია.
ექსპერტების განცხადებით, ნიგერიისთვის ნეგატიური ტენდენცია ნარჩუნდება და წლის ბოლომდე ქვეყანაში ღარიბების რიცხვი 3,2 მილიონით გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელი ქვეყანაა, ხელისუფლება ვერ ახერხებს ეს სიმდიდრე სიღარიბის დაძლევას მოახმაროს და ქვეყნის ცხოვრების დონე ადეკვატური გახადოს.
სამაგიეროდ, ინდოეთში ფიქსირდება პოზიტიური ტენდენცია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ დროისთვის ინდოეთის 71,5 მილიონი მოსახლე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ეს არის ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 5,3% და ეს ციფრი ყოველწიურად მცირდება. რეიტინგში მესამე ადგილზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც ღატაკებში ირიცხება 63 მილიონი მოქალაქე.
კვლევის ავტორების განცხადებით, იმ 18 ქვეყნიდან, სადაც სიღარიბის მაჩვენებლი იზრდება 14 აფრიკაში მდებარეობს. მათივე პროგნოზით 2030 წლისთვის მსოფლიო ღარიბი მოსახლეობის 90% სწორედ ამ კონტინენტზე მოვა. არააფრიკულ ქვეყნებს შორის კი საშიში ტენდენცია ფიქსირდება ორ აზიურ ქვეყანაში - ინდონეზიასა და ბანგლადეშში, სადაც 14,2 და 17 მილიონი ადამიანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.
კოკა კვირკველია