მარნეულის მუნიციპალიტეტში, უახლოეს დღეებში, ევროსტანდარტების შესაბამისი, გერმანული წარმოების პლასტმასის 1 100-ლიტრიანი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ურნები მუნიციპალიტეტს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა, რომელსაც მუნიციპალური შპს „სუფთა მარნეული“ იმ ლოკაციებზე განათავსებს, სადაც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა და საჭიროებაა.
„აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მსგავსი ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
ამ ეტაპისთვის მარნეულს, 200 ერთეული ნაგვის ურნა გადაეცა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.