საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 42.2 მლნ დოლარს მიიღებს, - ამის შესახებ აღნიშნულია მორიგ ანგარიშში.
„სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხადრაჭერილი საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა. ეს პროგრამა 2017 წლის 12 აპრილს დაიწყო და მთლიანობაში 210.4 მილიონი სპეციალური ნასესხობის უფლების (SDR-ის) (დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარის, საქართველოს ქვოტის 100%-ის) გადმორიცხვას ითვალისწინებს ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად.
სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიმოხილვის წარმატებით დამტკიცება საქართველოსთვის ხელმისაწვდომს ხდის 30 მილიონ „სპეციალური ნასესხობის უფლებას“ (SDR), რაც 42.25 მილიონი აშშ დოლარის ტოლია. პროგრამით გათვალისწინებული დანარჩენი ჩამორიცხვები განხორციელდება შემდეგი ოთხი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რომელიც წელიწადში ორჯერ ჩატარდება. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა 2018 წლის „მეოთხე მუხლის კონსულტაციები“ საქართველოსთან, - აღნიშნულია ანგარიშში.