”ეკონომიკის 6,3%-იანი ზრდის შესაძლებლობა აბსოლუტურად შესრულებადია”

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეკონომიკის 6,3 პროცენტით ზრდის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული პროგნოზი შესრულებადია.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, წინასწარ დასახელებული ციფრები მხოლოდ რეგიონული კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს, რასაც არ ელოდებიან.

"ჩვენი ბიუჯეტი გათვლილია 5%-იან ზრდაზე. ეს არის ის, რაც ჩვენ სავალდებულოდ შესასრულებელი გვაქვს, თუმცა 6,3%-იანი ზრდის შესაძლებლობა პრემიერმა მსოფლიო ბანკის შესაბამისი პროგნოზიდან გამომდინარე არ გამორიცხა. არის სხვადასხვანაირი პროგნოზები, მოვლენები, ჯერჯერობით, დადებითად ვითარდება და ვნახოთ, თუ არ იქნა სერიოზული უარყოფითი ეფექტი, თუ არ გაღრმავდა კრიზისი, მათ შორის უკრაინაში, მაშინ ეს არის აბსოლუტურად შესრულებადი. თუ, დავუშვათ, ძალიან გაღმავდა რეგიონული კრიზისი, რასაც არ ველოდებით, მაშინ შეიძლება გადაიხედოს ციფრები. საერთოდ, ეკონომიკური ზრდა არ არის კონსტანტა, ესაა დაგეგმილი მაჩვენებელი და ნებისმიერი დაგეგმილი მაჩვენებელი მოიცავს გარკვეულ ცდომილებას, თუმცა 5%-იანი ზრდა იქნება შესრულებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ინვესტიციების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით გამოცოცხლება არაერთ სექტორში შეინიშნება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წელს ეკონომიკის 6,3 პროცენტიან ზრდას ელოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მან გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.