კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი ნაგავსაყრელები მოეწყობა

კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი, თანამედროვე ნაგავსაყრელები KFW-ს მხარდაჭერით მოეწყობა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და შ.პ.ს. "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკთან (KFW) ხელშეკრულება გააფორმეს.

დოკუმენტი კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინტეგრირებული მართვისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაფინანსებას ითვალისწინებს.

დოკუმენტი გაფორმდა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკსა და "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას" შორის მიღწეული შეთანხმების ჩარჩოებში, რომელიც საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

წინასწარი კვლევის საფუძველზე, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში უნდა აშენდეს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარიული ნაგავსაყრელები და დაიხუროს მოქმედი, ძველი ნაგავსაყრელები.

პირველ ეტაპზე გამოყოფილი 800 ათასი ევროს მოცულობის გრანტით სწორედ პროექტის რეალიზებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაფინანსდება.